კორონავირუსზე ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაცია მულტიპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება, სადაც რეანიმაციული განყოფილებები არის.

„ქვეყანას აქვს მოულოდნელი გვერდითი რეაქციების მართვის შესაძლებლობა და ჩვენ ასევე გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში. გუშინდელი შემთხვევაც კლინიკაში მოხდა, ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს არც ტრანსპორტირებაზე და არც იმაზე, რომ პაციენტს დროულად მიეღო შესაბამისი დახმარება. სადაც იმუნიზაცია ტარდება, ყველა კაბინეტი აღჭურვილია შოკის მართვის შესაძლებლობებით. როდესაც ეს ამბულატორიაში ხდება, გარკვეული დრო შეიძლება დაიკარგოს ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როდესაც სტაციონარში ხდება, რაც გუშინ მოხდა, ამ შემთხვევაში არცერთი წუთი არ დაკარგულა.

სამომავლოდ რომ გადაზღვეულები ვიყოთ, სადმე დრო რომ არ დაიკარგოს, გვირჩევნია ეს ყველაფერი გაგრძელდეს მულტიპროფილურ სტაციონარებში, სადაც იქვე არის რეანიმაციული განყოფილება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა.

ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.