ზაზა ფირალიშვილი: დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, რაც ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება

ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდიდან კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა. პარალელურად „გირჩი“ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

თუ რა შედეგების წინაშე დააყენებს ქვეყანას ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულება, ვის აწყობდა მოლაპარაკების ჩაშლა და რა საპასუხო რეაგირებას უნდა ელოდოს ქვეყანა ევროკავშირისგან, ამ საკითხებზე Europetime ანალიტიკოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

_თქვენი შეფასებით, რატომ ვერ შედგა შეთანხმება, რა საკითხებმა, ვინ, ან რამ შეუშალა ხელი ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას?

-ვერ დავინახე განსაკუთრებული სურვილ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურდათ. ოპონენტებს შორის დიალოგის არავითარი სურვილი არ ჩანდა. ორივე მხარეს ცდილობდა, „საბანი მთლიანად თავის მხარეს გადაექაჩა“. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ვერავითარი შეთანხმება ვერ შედგებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებდნენ დასავლელი პარტნიორები. ხშირად. ლამის დაუფარავად ამბობდნენ, რომ მათი ქცევა სახელმწიფოს ვნებს. რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად განაგრძობენ თავის სტრატეგიას.

არ მინდა, გადაჭარბებული ეჭვები გამოვთქვა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც ავის მსურველი სერიოზულად უფათურებდა ხელს ამ დიალოგის პროცესში.

-ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალას, პერსონა, თუ ვის გულისხმობთ?

ქვეყანა ორი დიდი ფეოდალის, სააკაშვილის და ივანიშვილის ბრძოლის ასპარეზად იქცა, რის გამოც, საქართველოში არანორმალური პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ამ დაძაბულობაში, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ჩაიკარგა, პოლიტიკური ალტერნატივა ვერავინ შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ იმედები არსებობდა თუნდაც „ლელოს“, ან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ .

_დიალოგის ჩაშლის შემდეგ „გირჩმა“ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისები და შეთავაზებები, რომლებიც ოპოზიციისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მოხდა და რატომ ვერ შედგა შეთანხმება“ .

გირჩი არ წარმოადგენს ისეთ რესურსის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოახერხებდა თავის მხარეს გადაექაჩა პროცესები.

_„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, რამდენიმე, თუნდაც ერთი ან ორი პარტია რომ შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, შეცვლის რამეს? „გირჩმა“ უკვე დაიწყო ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები.

-ორიოდე თვის წინ, კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, მხოლოდ ერთი, ან ორი პარტიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს. მარტო „გირჩი“ რომ შევიდეს პარლამენტში, ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვეღარ შეძლებს.

ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში

_NDI-ს კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა სურს. რა რესურსის იმედიც ოპოზიციას ჰქონდა ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. როდესაც კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ნდობას კარგავს, მაშინ რა რესურსზე, რა გათვლებზე ამყარებს იმედებს? შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ოპოზიცია ფიქრობს, ნიკა მელიას დაკავებამ საზოგადოების ეს განწყობა შეცვალა?

რესურს კარგავს არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც. ვერ გეტყვით, რომ ნიკა მელიას დაკავებამ გარდამტეხი ცვლილება მოახდინა. უბრალოდ, სიტუაციის მეტი პოლარიზება მოხდა. საზოგადოების განწყობაში, ამით დიდი ცვლილებები არ მომხდარა.

_საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტად სჭირდებოდა ამ შეთანხმების მიღწევა, განსხვავებით ოპოზიციისგან. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი მოლაპარაკების ჩაშლაში?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი კრიზისის განმუხტვით არის დაინტერესებული. მიზანი შეიძლება სწორედ ამ სიტუაციის შენარჩუნება იყოს. ვიღაცას გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ასეთი პარლამენტით შეძლებს ქვეყნის მართვას. ყოველთვის როგორც კი გამოჩნდებოდა, რაღაც ნიშანი იმისა, რომ შეიძლებოდა დიალოგი დაწყებულიყო, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებდა ისეთ განცხადებას, ან ისეთ ქმედებას მიმართავდა, რომ ყოველგვარი იმედი იშლებოდა.

_დანიელსონის ვიზიტამდე, როდესაც პლებისციტის საკითხი წამოიწია, გიორგი ვოლსკი აცხადებდა, რომ ღირს განხილვად, თუმცა მამუკა მდინარაძემ და კიდევ რამდენიმე ლიდერმა უმრავლესობიდან, ბევრად უფრო ხისტი პოზიცია დააფიქსირეს. რამდენიმე საკითხზე გამოიკვეთა მსგავსი განსხვავებული პოზიციები, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების საკითხზე, სახელისუფლებო გუნდში ორი განსხვავებული პოზიციაა და ორი ფრთა გაჩნდა?

ძნელია რამის თქმა, ხელისუფლების შიგნით, ორი გუნდია თუ ხუთი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები არაერთგვაროვანია. იქ არიან ზომიერი ადამიანებიც, რომლებსაც ესმით, რომ შეუძლებელია ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, დასავლეთთან სერიოზული კონტაქტების დაკარგვას. დასავლეთთან დაახლოების კუთხით, რა პროცესებსაც ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, ეს პროცესები შეიძლება დამუხრუჭდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესების გარდა, სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. პოლიტიკაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სახელმწიფო ინტერესებს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ერთმანეთში ურევს.

_ევროკავშირის მხრიდან, რა კონკრეტული რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებულ მოლაპარაკებების ჩაშლას? საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ, რეგიონში ევროკავშირის პოზიციები შესუსტებულია. ამიტომაც, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, თვითონ ევროკავშირსაც სჭირდებოდა, რეგიონში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ამის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ და ეს ყველაფერი ქვეყანას რამდენად დააზარალებს?

სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანა ძალიან დაზარალდება, რადგან სავარაუდოდ დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობდა. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდეს, მაგრამ პროცესზე აისახება. ყველა მიმართულებას დამჩნევა. ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება, რაც მთავარია, რუსეთის წინააღდეგ ბრძოლაში პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხზე. როცა ორივე მხარეს თვეების განმავლობაში გეუბნებიან, რომ თქვენი საქციელი სხვა არაფერია, თუ არა რუსული ინტერესების გატარება. ამ დროს, შენ ამას ყურს არ უგდებ, რბილად რომ თქვათ, რა თქმა უნდა ევროპელებს შეუსუსტდებათ იმედი იმისა, რომ აქ, ჩვენს რეგიონში, საქართველოს სახით, მათ მოკავშირე ჰყავთ.