NDI-ის ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს. 7%-მდე დაეცა "ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი, "ქართულ ოცნებას" 23 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ პარტიებს კი ჯამში 7%. ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა, თუმცა მასშტაბური აქციის გამართვა მაისისთვის გადაიდო.
აღნიშნული პროცესების პარალელურად, 22 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის და ალტერნატიული, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე ფიქრობს. 20 მარტს, ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის საჭიროების შესახებ, განცხადება ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საკუთარ თავს, რა პოზიციაზე ხედავს, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაში, მისი თქმით, ამ პროცესში ის რიგითი ჯარისკაცი იქნება. მარგველაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს.
თუ რა შანსები აქვთ ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს პოლიტიკაში? ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ვინ შეიძლება ვიხილოთ მათ გუნდში და ვინ შეიძლება აითვისოს ელექტორატის 40%? - ამ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგებს რამაზ საყვარელიძეს და გია ნოდიას ესაუბრა.
„თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ოპოზიციის სტილისტიკას და შევადარებთ გიორგი გახარიას სტილისტიკას, გახარია მათი მსგავსი პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს განსხვავება უკვე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილის შესახებ, სწორედ ახლა განაცხადა.
„ბოლო დროის მოვლენების ფონზე, ცხადი გახდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. გახარიას გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამან განაპირობა.
დასავლელი პარტნიორები ოპოზიციისგან პარლამენტში შესვლას ითხოვენ, ოპოზიციას კი შესაბამის არგუმენტები არ მოჰყავს და არც კი ხსნის, რატომ არ შედის პარლამენტში. პირიქით, შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს, ლამის დედას აგინებს. მეორე მხრივ, გახარია ამ სტილის პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. ეს განსხვავება, დასავლეთისთვის ალბათ მნიშვნელოვანი გახდება, გახარიას სასარგებლოდ, რადგან შეურაცხყოფის ენაზე აგებული პოლიტიკა, ევროპული სტილის ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, დღეს რთულია იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გიორგი გახარიას გუნდში.
„ალბათ უფრო აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისთანაც გახარიას აქამდე ურთიერთობა ჰქონია. ცნობადობის ხაზით რა ფიგურები იქნებიან, მაგის თქმა მიჭირს. ცნობადობაც პროგრესული ხანჯალია, გააჩნია რითი ხარ ცნობადი“, - აღნიშნავს საყვარელიძე.
პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის წარმატება დამოკიდებულია, ვინ იქნება მის გუნდში და ასევე დამოკიდებულია მის პოზიციონირებაზე.
„როდესაც გასაგები გახდა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას პერსპექტივა არ უჩანს, გიორგი გახარიამ, ზუსტად ამ დროს ჩათვლა საჭიროდ განეცხადებინა, ახალი პოლიტიკური ნიშის დაკავების შესახებ. ჯერჯერობით ვიცით, მხოლოდ მისი სურვილი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ. მაგრამ რა პლატფორმით უნდა მოსვლა, როგორ იქნება მისი პოზიციონირება ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, რამდენად დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, ჯერ არ ვიცით. ბევრი რამ თვითონ მასზეა დამოკიდებული, რას იტყვის, რა ტიპის ამომრჩეველზე აიღებს ორიენტაციას. პრემიერობიდან მისი წასვლის გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, რაღაც ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება ექნება, თუმცა რამდენად სერიოზული, წინასწარ ვერ ვიტყვით. ვინ დადგება მის გვერდით, ესეც არ ვიცით, ამიტომ ამ ეტაპზე, შეგვიძლია, უბრალოდ ის ვთქვათ, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა იქნება. ჩვენ ვნახეთ სხვა ფიგურებიც, რომლებიც გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. ბევრი სპეკულაცია იყო, რას იზამდნენ, მაგრამ მათ სერიოზული ძალის შექმნა ვერ შეძლეს.
ახლა ყველა იწყებს მარჩიელობას, აბა ვინ იქნება მის გუნდში? შეიძლება კვირიკაშვილი? ან სხვა? კვირიკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე გამოავლენდა ამ სურვილს. ის კი ამდენი წელი, ჯიუტად ამბობს, რომ პოლიტიკა არ უნდა. მარგველაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ახალი ალტერნატიული ძალის შექმნის საჭიროებაზე და იმაზე თითქოს, ამ პროცესში რიგითი ჯარისკაცი იქნება, ეს ცოტა ისეთი განცხადებაა ... ლამაზი სიტყვებია. ცხადია რომ მას პრეტენზია აქვს, უფრო მეტი იყოს, ვიდრე რიგითი ჯარისკაცი.
ამ ეტაპზე ბევრია არაფერია ცნობილი, ამიტომ დარწმუნებით ჯერ ვერავინ იტყვის, რომ გიორგი გახარია ანგარიშგასაწევი ძალის შექმნას შეძლებს, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში გია ნოდია.
22 მარტს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე.
"საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა. დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე დაწერა. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 19 თებერვალს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა,ამ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ პოზიციების შეუთავსებლობა.
ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი,,ქართულ ოცნება 2"-ს შექმნის.
„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, გახარიამ თავისი ძალები თვითმმართველობის არჩევნებზე მოსინჯოს, თბილისის მერობის კანდიდატის რანგში.
"შესაძლოა გიორგი გახარიას უახლოესი პოლიტიკური გეგმები ვადამდელ არჩევნებს კი არა, თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს.გამორიცხული არ არის თავისი რეიტინგის და ამომრჩევლის მხარდაჭერის დასაზუსტებლად, თბილისის, ან საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის მერის პოსტისთვის იბრძოლოს", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
როგორც მედიასთან საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაბნეულები არიან, რადგან მათაც აქვთ ეჭვი, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის მიერ პროვოცირებული, წაქეზებული და მხარდაჭერილია.
“ეშინიათ, რომ გამართლდეს ეჭვი და არ უნდათ, გაილაშქრონ იმის წინააღმდეგ, ვის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. ამიტომ ფრთხილობენ და ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ”, — შენიშნავს კაჭკაჭიშვილი
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია.
“სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
"ქართული ოცნების დეპუტატის" და გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებაში” არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სწორედ გიორგი გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ.
"შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კახიშვილმა.