ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, „ლიკუდი“ 31 მანდატს იღებს, ლიბერალური „იეშ ატიდი“ კი 18-ს. საერთო ჯამში მემარჯვენე და რელიგიური პარტიების ბლოკი 52-53 მანდატს დააგროვებს.
ნეთანიაჰუს ოპოზიცია დაახლოებით 60 მანდატს აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუ მთავრობის ჩამოყალიბებას პარტია „იამინას“ მხარდაჭერის შემთხვევაშიც ვერ შეძლებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, „იამინა“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობს, პარლამენტში 7 მანდატს მიიღებს, თუმცა პარტიის ლიდერს, ჯერ არ უთქვამს, რომელ ბანაკს დაუჭერს ის მხარს.
ისრაელში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგით მე-4 საპარლამენტო არჩევნები ტარდება
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის განმავლობაშია მთავრობის მეთაური, ხელისუფლებაში დარჩენისთვის იბრძვის.