რა სახის ანალიზებია საჭირო კოვიდვაქცინამდე და რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს აცრა

რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს კოვიდვაქცინის გაკეთება, რა სახის წინასწარი ანალიზების ჩატარებაა საჭირო აცრამდე და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე, ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა.

ინფექციონისტის რამდენიმე აუცილებელი რეკომენდაცია ვაქცინის გაკეთების მსურველებს:

1. თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს სისიხლის შედედებას, სასურველია, ვაქცინაციამდე ჩაიტაროს შესაბამისი ანალიზი.

2. თუ ვაქცინაციამდე იყო კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ან აქვს კორონავირუსის დამახასიათებელი რომელიმე საეჭვო სიმპტომი, თუნდაც მსუბუქი, ვაქცინაციამდე აუცილებლად უნდა ჩაიტაროს კოვიდტესტი. მხოლოდ ვირუსის გამორიცხვის შემდეგ უნდა მივიდეს ვაქცინის გასაკეთებლად.

3. თუ ადამიანი არის ალერგიული კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ვაქცინა შეიცავს, ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს.

4. თუ ადამიანი უკვე ინფიცირებულია კორონავირუსით, ვაქცინა მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში ვერ დაეხმარება. ვაქცინის მიღების შემდეგ, ანტისხეულების გამომუშავება სამი კვირის შემდეგ ხდება, მანამდე ვაქცინა ვერ იცავს ორგანიზმს. ამიტომ ადამიანმა არ უნდა დამალოს საეჭვო სიმპტომები იმ იმედით, რომ ვაქცინის გაკეთება მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში დაეხმარება.

როგორც ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, დღეს არსებული ინფორმაციით, ვაქცინა იძლევა ერთწლიან იმუნიტეტს.

ინფექციონისტის განცხადებით, უსიმპტომო კოვიდის დროს, თუ პაციენტმა არ იცის რომ ვირუსი აქვს, ვაქცინის გაკეთება ტრაგედიას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ მას ეჭვი აქვს კორონავირუსის სიმპტომებზე, ვაქცინაციისგან თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი.

"კოვიდინფიცირებულისთვის ვაქცინის მიღება, ეს არის ექსპერიმენტი და საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ. ამასთან არსებობს შედედების საწინააღდეგო წამლები, რაც გამოიყენება კარდიოლოგიაში, ჰემატოლოგიაში. ვინც ასეთ პრეპარატებს იღებენ და აქვთ შედედების პრობლემა, უმჯობესია, გაიკეთონ ლაბორატორიული კვლევები და მომზადებული მივიდნენ ვაქცინაციაზე. ეს არ ეხება ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს, ვისაც არასდროს არ დაფიქსირებია სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა. ვალდებული არ არიან წინასწარი კველევები ჩაიტარონ.

რაც შეეხება ანატიბიოტიკებს, ანტიბიოტიკი ინიშნება გარკვეული მწვავე ინფექციური ბაქტერიების შემთხვევაში. თუ ადამიანი ამ მედიკამენტებს იღებს, ესეიგი მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, თან ეს პრობლემა არის მწვავე და იმ მომენტში საჭიროებს მკურნალობას, შესაძლოა ვაქცინაცია გადაიდოს. არის მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის შესახებაც პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მედიკამენტები ხელს არ უშლის ვაქცინაციას. ამას ექიმი წყვეტს.

როდესაც იკრიბება სრულფასოვანი ინფორმაცია, ექიმი წყვეტს იმ კონკრეტულ მომენტში გაუკეთოს ვაქცინა, თუ გარკვეული ვადით გადადოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები ვინც ვაქცინაციაზე მიდიან, კარგად მომზადებულები იყვნენ და ექიმს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. თუ ადამიანი არის ალერგიული კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ვაქცინა შეიცავს რა თქმა უნდა ეს უკუჩვენებაა და ასეთ ადამიანს ვაქცინა საერთოდ არ უნდა გაუკეთდეს. თავისი სამედიცინო ანამნეზი კარგად უნდ მოუყვეს ექიმს, რათა ექიმმა სრულყოფილად შეაფასოს მისი მდგომარეობა", - განუცხადა Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

ინფექციონისტი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღეების სტატისტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობა რეგულაციებს სათანადოდო აღარ იცავს.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში 500-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები. ასეთი ზრდის ტენდენცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა. ინფიცირების ასეთი ზრდა სპონტანურად არ მომხდარა. ამას თავისი მიზეზი აქვს. რეკომენდაციებს ფაქტობრივად აღარ ასრულებენ, დაიწია პირბადის გამოყენების პროცენტმა. ეს ყველაფერი კი ცუდად ისახება ეპიდსიტუაციაზე. კარგია, რომ დრამატული სიტუაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ თუ ამ დინამიკით გაგრძელდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ. მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ.

პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ამ ეტაპზე არის ერთადერთი გზა. მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება მასთან ბრძოლა", - აცხადებს Europetime-თან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.