ელისაშვილი დანიელსონზე: უფრო მომზადებული ჩამოვა, ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერმა , ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამჟამად უფრო მომზადებული დაბრუნდება.

როგორც ელისაშვილის აღნიშნა, დანიელსონს ახლა უკვე ეცოდინება რომ "ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია" და ჯიუტი ხასიათი აქვს.

"წარმოდგენა არა მაქვს რა წინადადებით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. ერთი ფაქტი არის, რომ ჩვენ ჯიუტ ხასიათთან დაკავშირებით უფრო მომზადებული იქნება და ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია - თუ რამეს აიჩემებს, ცდილობს, რომ ფეხი არ მოუცვალოს და კომპრომისი ცოტა ისეთ რამედ აღიქმება ქართველი პოლიტიკოსისთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.

მას შემდეგ, რაც დანიელსონმა თბილისი დატოვა ის ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და ფასილიტაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება.