რიგგარეშე არჩევნებზე ნაკლებად იყო საუბარი - არასამთავრობოები დანიელსონთან შეხვედრაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წსრმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

„მათ გვკითხეს, თუ რა შეიძლება გახდეს კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა და მოისმინეს ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, ცხადია, ვისაუბრეთ, როგორც გუშინ გავაკეთეთ განცხადება, იმ სისტემურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას. ასევე, საუბარი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხებზე. ჩვენგან მოისმინეს ყველა ის დეტალი, როგორ წარმოგვიდგენია ამ კრიზისის განმუხტვა ამ ახალი სისტემური რეფორმების გატარების საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფს ძალაუფლების დაბალანსებას ორივე მხარეს შორის“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას და კონსენსუსის პოვნას ემსახურება.

„ჩვენ ამ ეტაპზე ​​ჯერ არცერთი მხარისგან არ მოგვისმენია, რომ აპირებენ რაიმეს დათმობას, ისეთის, რაც მათთვის წითელი ხაზია, ამიტომ სწორედ ამას ემსახურება დანიელსონის ვიზიტი, რომ დააახლოოს მათი ხედვები და შედგეს კონსენსუსი. ნაკლებად იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, რადგან თვითონაც ხვდებიან ეს ადამიანები და ჩვენც, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმსჯელონ, თუმცა ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დავინახეთ არჩევნების დროს და ამასთან დაკავშირებით ყველა ტიპის ინფორმაცია აქვთ მათ“, - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

„დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ ძალიან მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია და უნდა შეეხოს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას, - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ მედიასთან.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხეო მიმდინარე სასამართლო რეფორმას და საარჩევნო რეფორმასაც, რომელიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გატარდეს.

„„ჩვენ ასევე ვთქვით, რომ პირველი რიგის ამოცანა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. ასევე იმაზე ვილაპარაკეთ, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი და ჩვენი აზრით, კრიზისი გამოწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასევე იმან, რომ ძალაუფლება დღეს ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან“, - აღნიშნა გიგაურმა.

კრისტიან დანიელსონმა მანამდე განაცხადა, რომ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების თემაზე“ მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ისაუბრეს. მან ამ თემაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.