Covid19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმოს ანგარიშზე, 14 ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს

კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის გამო, 14 სახელმწიფო შეშფოთებას გამოხატავს.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები დამოუკიდებელი და სრულად გამჭვირვალე შეფასებების გაკეთებასა და ყველა შესაბამის მონაცემზე წვდომას მოითხოვს.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კორონავირუსის წყაროს საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შესწავლა მნიშვნელოვნად შეფერხდა და მათ არ ჰქონდათ წვდომა სრულ მონაცემებსა და ნიმუშებზე.

„საერთო შეშფოთებას გამოვხატავთ ჯანმოს მიერ ჩინეთში ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევასთან დაკავშირებით. ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა სწრაფი, ეფექტური, გამჭვირვალე, მეცნიერებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი პროცესის წარმართვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.