დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოში Sinopharm-ი და Sinovac-ის ვაქცინა შემოვა.
გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის იმის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრ მარეგულირებლად განიხილავს.
„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, დაგიანონსებთ, რომ შაბათს, ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს წარმოებაში აქვს ხუთი ვაქცინა, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის Sinopharm-ი, რომელიც იყიდა ქვეყანამ და Sinovac-ი, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა.
ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართედ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ ერთი წევრის მარეგულირებელი. ამ ორივე ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადრეულ აპრილში უნდა მიეცეს მას ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში. როგორც გითხარით, დიახ, შემოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.