საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5 000 ადამიანს შეეძლება

გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5 000 ადამიანს შეეძლება.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაკანსიების რაოდენობა დასაქმების მსურველთა დიდი ინტერესის გამო გაიზარდა.

როგორც საიტზეა აღნიშნული, პირველ სეზონურ მუშაკებს საქართველოდან მიმდინარე წლის მაისში ელოდებიან.

,,ქართული მხარის დიდი ინტერესის გამო შეიცვალა კვოტა. 2021 წლის სეზონისთვის 5 000 პირი საქართველოდან შეძლებს ჩამოვიდეს. პირველი ნაკადის ჩამოსვლა მოსალოდნელია 2021 წლის მაისში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში - 86 395. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.