თამარ გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის Sinopharm-ი მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას

"გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის Sinopharm-ი მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განცხადა.

„საქართველომ მიიღო 100 000 დოზაSinopharm-ის ჩინური წარმოების ვაქცინა. დღეის მდგომარეობით ამ ვაქცინას უკვე ათობით ქვეყანა იყენებს. 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული Sinopharm-ით. კვლევები, რომლებიც ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს და გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის Sinopharm მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის.

ვაქცინა უკვე ავტორიზებულია უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რომელიც მკაცრ მარეგულირებლად ითვლება. ეს ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში.

Sinopharm გამოყენებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა კომპანიების ვაქცინები. მის შენახვას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები.Sinopharm ინახება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც იმუნიზაციის პროგრამისთვის რუტინული რეჟიმია. ვფიქრობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან Sinopharm-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 000 დოზა შემოვიდა.