„საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს.
მინისტრის თქმით, სრულიად ლოგიკურია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ ერთ-ერთი რეგინული ლიდერი ვიქნებით ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, კერძოდ, 2021-2025 წლებში, 5,5 პროცენტი იქნება საშუალო ზრდის ტემპი, ყოველწლიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლით კოვიდით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები; კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას; განვიმტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი.
„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ჩვენც ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.