პროკურატურა: მუხთარლიმ აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანზე თქვა, რომ თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, მან კი ორივეზე თქვა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან კი ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე.

საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა.

ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა