პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება

მთავრობა ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას იწყებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ განცხადების საფუძველზე მასზე უარი თქვან.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ჩვენ უკვე დავაანონსეთ. ეს მოიცავს, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ მხარდაჭერას. პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვტ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ამასთან, წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ეს არის მინიმუმი, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია, მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება. დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.