ლიეტუვა გეგმავს NATO-ს წევრ ქვეყნებს შესთავაზოს, უკრაინას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მისცეს. unian.info-ს ცნობით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ლანდსბერგისის თქმით, უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ უკრაინა ტრანსატალნტიკურ გზას ირჩევს, რაზეც NATO-ს წევრებისგან უკუკავშირს იღებს.
“ჩვენ მალე უნდა მივმართოთ კოლეგებს წერილით, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ უკრაინისთვის MAP-ის მიცემა. დარწმუნებული ვარ, ნატოს შეუძლია კიდევ გაიმეოროს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება და ჩვენ ახლახან დავიწყეთ საკითხის განხილვა ბალტიის ქვეყნებთან. ”ჩვენ ალბათ ყველა, დღეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმის გამო რაც წარსულში დროულად არ მოვიმოქმედეთ. უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რუსეთი ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებას ვერ შეძლებდა. სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გზაზე, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უნდა დაეხმარონ რეფორმების განხორციელებაში, ”,- განაცხადა ლანდსბერგისმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო.
რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ.
"აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ