„საქართველომ უნდა გამოიყენოს ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.
ფხალაძის განცხადებით, შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას.
ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი.
„უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს“, - განუცხადა Europetime-ს ფხალაძემ
მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს.
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ