აშშ-ს ელჩი: აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია

„საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, კერძოდ, აგროტურიზმში. ონლაინ პლატფორმის agrogate.world-ის ამუშავება ტურისტებს იმ შესაძლებლობებთან დააკავშირებს, რომელთაც მათ სთავაზობენ, განსაკუთრებით სოფლად", ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიას – „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“ დაესწრო, სადაც ონლაინპლატფორმის agrogate.world-ის პრეზენტაცია გაიმართა.

ელჩის თქმით, ახალი ონლაინ პლატფორმა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს აგროტურიზმისა და ტურიზმის აღდგენას, როდესაც ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აგროტურისტულ ონლაინპლატფორმაში agrogate.world, გაერთიანებულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებ-გვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდეოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.