ბელარუსმა ლატვიასთან, ლიტვასთან, უკრაინასთან და პოლონეთთან სახმელეთო საზღვრები ცალმხრივად ჩაკეტა. აღნიშნული ქვეყნებიდან ბელარუსში ვიზიტორებს არ უშვებენ, თუმცა მოქალაქეებს ბელარუსის დატოვება შეუძლიათ. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ბელარუსში არ უშვებენ არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ - ბელარუსის მოქალაქეებსაც. უკრაინის საზღვარზე რამდნიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დაიწყეს.
მოგვიანებით სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აღნიშნული ოთხ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტეილია "შექმნილი ეპიდმდგომარეობის გამო". სასაზღვრო კომიტეტში აღნიშნეს, რომ მინსკის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ბელარუსში ევროპიდან თვითმფრინავით შეიძლება ჩასვლა. ბელარუსის დატოვებაზე შეზღუდვები არ გავრცელებულა.
ამ დრომდე ბელარუსი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ ზღუდავდა ნებისმიერი მიმართულებით საზღვრის კვეთას.
17 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ "იძულებული იყო ჩაეკეტა სახელმწიფო საზღვარი დასავლეთთან" და ეს პოლონეთისა და ლიტვის არამეგობრული ქმედებებით ახსნა. თუმცა მომდევნო დღეს, 18 სექტემბერს, სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში აღნიშნეს, რომ საუბარი ეხებოდა მხოლოდ საზღვრების გაძლიერებულ კონტროლს.