აშშ-ს მისია NATO-ში  საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს მისია NATO-ში Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე განცხადებას ავრცელებს:

"ამ უქმეზე საქართველოში არჩევნებია, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. დემოკრატიული ღირებულებები საფუძველია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ში საქართველოს მომავალი წევრობისთვის".

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მთავრობას არაერთმა პარტნიორმა მოუწოდა, პროცესი სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებულიყო. მათ ხაზი გაუსვეს არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების გზაზე და განაცხადეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.