გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-ის პარალელურად გაიყვანს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-სთან სინქრონულად გაიყვანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც, მინისტრმა ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას NATO უახლოეს ხანში გამოაცხადებს.

გერმანიას ავღანეთში ამჟამად 1000 ჯარისკაცი ჰყავს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთად შევდიოდით ავღანეთში და ერთად გამოვალთ. მხარს ვუჭერ გეგმით განსაზღვრულ გამოსვლას და ველოდები NATO-ს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.

დღესვე დაანონსდა, რომ ბრიტანეთიც ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს.