დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია ხელს არ მოაწერს კრისტიან დანიელსონის გეგმას, რადგან მასში საუბარი არ არის ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე.
„წნეხის შედეგად "ქართული ოცნება" გატყდა, მაგრამ ამით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე თანახმა ვართ ახლაც. ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე შეთანხმებას. პოლიტპატიმრების საკითხი - მათ ათავისუფლებენ ახლავე? დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შემდეგ მმართველი ძალის პოზიციის გამო მედიატორმა ეს საკითხი აღარ ასახა და ამიტომ იყო არასრულფასოვანი. დოკუმენტის ვარიანტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, არ მოვაწერთ. ეს უკვე ვთქვით", - განაცხადა გიგა ბოკერია
როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი.
როგორც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი აამოქმედოს. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებს, დათანხმდება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, 5 პუნქტიანი დოკუმენტიდან, სამუშაო რჩება დამატებით ორი საკითხზე - პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები.
"ცხადია, ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს პოლიტპატიმრების თემისა და ვადამდელი არჩევნების თემის გარეშე. ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია არ უთქვამს და დღესაც იგივე აზრზეა", - ამბობს სამადაშვილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას დეტალური ანალიზი სჭირდება.
მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართება როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან.
„რაც შეეხება თვითმმართველობის 40 პროცენტს, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია. შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ აქ ძალიან სერიოზული სამსჯელოა და ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან 40 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია და ნიშნავს 1000-პროცენტიან გარანტიას. ეს არის სადებატო თემა, რამდენად მისაღებია. არ დაგვავიწყდეს, საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე, თანაც 40 პროცენტზე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
"ლელო საქართვეოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აზრს იზიარებს დ აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე დოკუმენტი მათთვის მისაღები ვერ იქნება.
"ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა", - წერს ხაზარაძე ოფიციალურ facebook გვერდზე.
იგივე მიზეზების გამო, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ აწერს, ზურაბ ჯაფარიძის ახალი პარტიაც "გირჩი - მეტი თავისუფლება". ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როორც Europetime-თან საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ლებანიძე აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან დოუმენტზე ხელწმოწერის დ ამისი რეალურად შესრულების დაწყების შემდეგ, ოპოზიციის მორიგი უარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, დასავლეთის თვალში ქართული ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს.
მისივე თქმით, რადგან ევროპელი პარტნიორები მთავარ პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას ანიჭებენ, თუნდაც ოპოზიციამ უარი თქვას ხელმოწერაზე, ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი შესრულება, დასავლეთთან ურთიერთობებს გაალღობს.
„ერთის მხრივ, მდგომარეობა რადიკალიზებულია და მხარეებს უჭირთ განხილვა , მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ძაფების ბოლომდე გაწყვეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა არცერთ მხარეს არ აწყობს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი Europetime-თან საუბარში.
დოკუმენტის ხელმოწერაზე, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისშიც.
"ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მოიკრიბონ იმდენი პოლიტიკური ნება და იმდენი პოლიტიკური სიმამაცე, რომ დასძლიონ კრიზისი", - აღნიშნულია ზოფეპ ბორელის ოფისის განცხადებაში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ ხელს აწერს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს
რას გულისხმობს კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტი