ისტორიას ერთი უცნაური თვისება აქვს - გამეორება იცის.
გამეორება კი ცოდნის დედა მხოლოდ ანდაზაშია.
რეალურად ისტორიის გამეორებებიდან სწავლა თითქმის არავის შეუძლია.
ასე რომ არ იყოს, ერთი ხელისუფალი მაინც ისწავლიდა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც თვითონ ასაზრდოებს ფსევდოოპოზიციის სახელით, საბოლოო ჯამში რეალურად ხდება ხოლმე მისი დასამარების მიზეზი.
ასე ხდება ყოველთვის - ასე გამოზარდა (ან უბრალოდ დაინდო და ჩათვალა, რომ რამეში გამოიყენებდა) ჯერ კიდევ იულიუს ცეზარმა - ბრუტუსი, ჰინდენბურგმა - ჰიტლერი, მჟავანაძემ - შევარდნაძე, შევარდნაძემ - სააკაშვილი და ა. შ.
ყოველთვის, როცა გადატრიალება (ფორმალური თუ არაფორმალური სისხლიანი თუ უსისხლო) ხდება, ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში ყოველთვის ფსევდოოპოზიციას შეაქვს, რომელსაც ხელისუფლება ამა თუ იმ მიზეზით ელოლიავება და ფიქრობს, რომ მისი მხარდაჭერის ყიდვას შეძლებს.
ასე იქნება ახლაც.
წლებია, ვაკვირდებით, როგორ იზრდება და ძლიერდება „პატრიოტთა ალიანსად“ წოდებული, ერთ დროს ფსევდოოპოზიციური ძალა, რომლის ლიდერებიც ერთი- ერთში იმეორებენ და ფეხდაფეხ მიჰყვებიან რუსული პროპაგანდის ძირითად ხაზებს.
კერძოდ: ანტილიბერალური და ანტიდასავლური პროპაგანდა, ჰომოფობია, ქსენოფობია - ყველა ერის წარმომადგენლების სიძულვილი, რუსების გარდა, დეზინფორმაცია, წაქეზება, რელიგიური დევნა, კულტურისა და ისტორიის გაყალბება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქმედებებისა, რასაც ეს პარტია პარლამენტში და მის გარეთ ახორციელებს და, როგორც წესი, რჩებოდა და რჩება ხელშეუხებელი.
ამის მიზეზი კი ისაა, რითაც დავიწყეთ - ფსევდოოპოზიცია რჩება ხელშეუხებელი მანამ, სანამ ისტერიულად იბრძვის ხელისუფლების მთავარი ოპონენტის, ყოფილი სახელისუფლებო ძალისა და ქვეყანაში შექმნილი მტრის ხატის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი ყველა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ.
ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ სამი, ხელისუფლებისთვის გაუთვალისწინებელი რამე არ მოხდა:
1. რუსული სააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ჟურნალისტური გამოძიება,, რომლის თანახმადაც, „პატრიოტთა ალიანსი“ რუსული სპეცსამსახურებიდან მილიონობით დოლარით ფინანსდება და სპეციალურ დავალებებსაც ასრულებს.
2. ეს ამბავი რამდენიმე დღის გახმაურებული იყო, რომ ახალი, ამჯერად უკვე დადასტურებული ამბავი გასკდა - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიპარნენ და უკან დაბრუნდნენ.
3. „პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში გამოაკრა წინასაარჩევნო ბანერი, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიად, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, გამოსახულია აჭარაც, ხოლო აჭარის ოკუპანტად მიჩნეულია თურქეთის რესპუბლიკა.
ლოგიკურად, ამ სამი ინციდენტის მერე მაინც ერთხმად უნდა დაეგმო ხელისუფლებას მისი მთავარი მოკავშირის ქმედებები და, როგორც მინიმუმ, სუს-ს უნდა დაეწყო გამოძიება სამივე თუ არა, პირველი ორი ინციდენტის გამო მაინც.
მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ჟურნალისტების შეკითხვაზე პირველ ინცედენტთან დაკავშირებით, უპასუხა: მასე ხანდახან ქართულ ოცნებაზეც ამბობენ, პრორუსულიაო.
სოფო კილაძე ყოველთვის გამოირჩეოდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაადეკვატური შეფასებებით, მაგრამ პატრიოტთა ალიანსის მიმართ მისი თითქმის ღია მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მის რელიგიურ შეხედულებებს უკავშირდება, რომლის მთავარ დამცველობასაც სწორედ პატრიოტთა ალიანსი იბრალებს.
რაც შეეხება აჭარას, აქ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა შეემჩნია, ვისაც ეს ევალება, როგორ გულმოდგინედ ცდილობდა სრულიად გარკვეული ძალა დედა-რუსეთის დავალების შესრულებას - ხან ამერიკულ ინვესტიციას უპირისპირდებოდნენ ეკოლოგიის დაცვის ნიღბით (გაიხსენეთ კარბამიდის ტერმინალი, რომელზეც მე თავად ვწერდი), ხან ანტითურქული განწყობის გაღვივებას ცდილობდნენ - ეს მაშინ, როცა მათი დამკვეთი ქართველებს იტაცებდა, აპატიმრებდა და რეალურად აგრძელებდა „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკას.
და ამ ყველაფრის გვირგვინად გვევლინება ლუსტრაციის კანონის უქონლობა ქვეყანაში, რომელიც თავის ყველა უბედურებას ოკუპანტისა და ისტორიული მტრის სპეცსამსახურებს უნდა „უმადლოდეს“.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პოლიტელიტაზე ბევრად განვითარებული და აზრზე მოსული გვყავს, მაინც ძალიან ბევრი ეხვევა ამ ფსევდოპატრიოტებისა და პოპულისტების პროპაგანდის ბადეში.
რომ გვქონოდა ლუსტრაციის კანონი და გვცოდნოდა, ვინ ვინაა, ვინ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს, ვეღარავინ შეიყვანდა შეცდომაში საზოგადოებას.
რომ გვქონოდა ლუსტრაციის კანონი, რომ არ გვქონოდა კონკორდატის ხელშეკრულება, რომ არ გვყოლოდა ამხელა მონსტრი მეზობლად და მტრად, რომ არ გვყოლოდა ამდენი მოღალატე შიგნით...
ყველა გზა „რომ“-ისკენ მიდის.
ერთადერთი იმედისმომცემი ამ შემთხვევაში ისევ სოციალური ქსელი და მისი
მომხმარებლები არიან.
როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საქმეზე განაპირობებს მის სწორ და ოპერატიულ შესრულებას ხელისუფლების მიერ, იმიტომ, რომ არ არსებობს თანამედროვე ხელისუფლებისთვის უფრო საშიში ძალა, ვიდრე საკუთარი დაბალი რეიტინგი სოციალურ ქსელებში.
იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნებამდე რამე გამოძიების მსგავსი მაინც დაიდება და ვინმე მაინც დაისჯება ამ ინციდენტების გამო.
საზოგადოების დაკვეთა დამნაშავეების დასჯაცაა, სხვათა შორის, თან კარგა ხანია უკვე.
ავტორი: ლექსო ლეკიაშვილი
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას
სტატიისთვის გამოყენებული ფოტო ეკუთვნის www.mythdetector.ge/-ს.