ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 მილიონზე მეტი ქონება გაყიდა

ბოლო ორ კვირაში კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 მილიონზე მეტი ქონება გაყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 300 მილიონის ღირებულების 150-მდე ქონება გამოიტანა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აუქუციონი დღეს გაიმართა. სახელმწიფო ქონების გაყიდვით შემოსული თანხა 60 მილიონი, აუქციონით განსაზღვრულ საწყის ღირებულებას 50 პროცენტით აღემატება.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები. ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარზე ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს.

მინისტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი 150 ქონებიდან ნახევარზე მეტი სრულიად ახალი ობიექტია, რომელიც პირველად გამოდის გასაყიდად, დანარჩენი - აქამდეც იყო შეთავაზებული აუქციონზე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საბაზრო რეალობა, ახლა ძალიან სოლიდური ფასდაკლებით - განახლებული ფასებით არის გამოტანილი.

პროგრამას ამ ეტაპზე, კიდევ 50 სხვადასხვა ტიპის საბადო დაემატა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, რეგიონებში შეიქმნას, ამიტომ ყველა რეგიონში გვაქვს შესაბამისი ქონება, საკმაოდ დიდი ოდენობით წარმოდგენილი. ამ ქონების ნაწილი არის საინვესტიციო ვალდებულებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმისთვის, ნაწილი თავისუფალია და მყიდველს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა განავითაროს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის გაჯანსაღებაში ბიზნესის როლი და აღნიშნა, რომ პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი.