"იმ პუნქტებს, რაც გაწერილია შეთანხმებით, იმპლენეტაცია, შესრულება სჭირდება", – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო.
როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული.
"კომიტეტების შევსების საკითხი ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებული იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შემოსვლაზე. ეს ხუთი კომიტეტი გათვლილი იყო 60- მდე დეპუტატის შემოსვლაზე, რომ ვიანგარიშოთ, თითოეულ 11 შემოსულ დეპუტატზე 1 კომიტეტის გათვლა ხდებოდა.
რაც შეეხება დანარჩენ კონკრეტულ საკითხებს, ერთი ეხება პოლიტიკურ ამნისტიას და იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე საკითხი ცესკო-თან დაკავშირებით იყო, ცესკო-ს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
გენერალური პროკურორის თემა კი აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა აღნიშნულია, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისთვის პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი
სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლება თადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი, საგარეო საქმეთა კომიტეტი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.
რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი უნდა დაიწყოს, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.