ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანენ. ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს.
საქართველოს მთავრობა და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ პოლიტიკურ დაპირისპირებას და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს შეთანხმება გზას უხსნის დაპატიმრებული ორი ოპოზიციონერის გათავისუფლებას, განსაზღვრავს რიგ საარჩევნო და სასამართლო რეფორმას და რაც მთავარია, პარლამენტს საშუალებას მისცემს, უფრო ნორმალურად იმუშაოს თვეების შემდეგ, როდესაც ბევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უარი თქვა ადგილების დაკავებაზე ხანგრძლივი დავის შემდეგ, რომელიც ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდებოდა.
მიშელმა, რომელმაც გასული თვის დასაწყისში თბილისში, ვიზიტის დროს წამოიწყო სარისკო შუამავლობის პროცესი, მიესალმა შეთანხმებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას ახალ სტარტს სთავაზობს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმატების მისაღწევად მიშელმა განაცხადა, რომ სამშაბათს დილით გაემგზავრება საქართველოში შეთანხმების აღსანიშნავად.
Politico შეთანხმების ერთ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: 1. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს.
Politico აღნიშნავს, რომ ეს „ეკვივალენტური შედეგი“ აშკარად მიანიშნებდა პრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობაზე და ამან აიძულა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეკეთებინა განცხადება:
„მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, თუმცა მას ვიღებ მხოლოდ ჩემი პირობით - კრიზისის დასრულებისთვის ეს ნაბიჯი ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრებას და გამოწვევების გამკლავებას.
ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირსა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.
ამ განცხადებებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ“, - ციტირებს გამოცემა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
სტატიის ავტორი წერს, რომ შუამავლობის მცდელობის დაწყების შემდეგ, მიშელმა დაასახელა ელჩი, კრისტიან დანიელსონი, ვეტერანი შვედი დიპლომატი და ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოში მოლაპარაკებებს წარმართავდა.
„მოლაპარაკებები შეფერხდა და ჩაშლისკენ მიემართებოდა კვირას, ვიდრე ევროკავშირმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მხარდაჭერით წინადადების ახალი პროექტი წარადგინა.
ალბათ ყველაზე სადავოა, რომ ეს შეთანხმება იწვევს საპარლამენტო არჩევნებს, თუ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია 43%-იან ბარიერს ადგილობრივ არჩევნებზე, მიმდინარე წლის ბოლოს. ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს:
პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები.
პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.
პარლამენტში ძალთა გადანაწილება
ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი.
ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
მომავალი არჩევნები
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.