ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ შინაარსის განცხადება გუშინ, ევოპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანის სასახლეში შეკრებილი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების წინაშე, ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც მხარეებმა მის მიერვე წარდგენილ დოკუმენტს საბოლოოდ მოაწერეს ხელი. შეკრებას პრეზიდენტი მასპინძლობდა, რომელმაც შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე დღეს, საქართველოს ეწვია. საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას - ეს იყო პრეზიდენტის გზავნილი შარლ მიშელისადმი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდან, NATO-ს გაფართოების კუთხით, როგორ უყურებს საქართველოს წევრობის პერსპექტივას კრიზისების ფონზე და რა შემთხვევაში ფიქრობს, რომ ქვეყანა ისევ ჩიხურ ვითარებას შეიძლება, დაუბრუნდეს.
_როგორ შეაფასებთ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებას და ხომ არ უნდა ჩავთვალოთ რომ კრიზისი დროებით განიმუხტა, თუ გავითვალისწინებთ დოკუმენტში ჩამოთვლილ პუნქტებს, მათ შორის სადავო საკითხს ვადამდელ არჩევნებზე. ასევე, ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, რომელიც ჯერ არ აწერს ხელს შეთანხმებას.
ვულოცავ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მთავრობას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევას, რომელიც იმედი მაქვს, რომ დაასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს, თუ ეს შეთანხმება განხორცილდება. რამდენიმე დღის წინ გამოვხატე წუხილი, რომ ევროკავშირმა მოთმინება დაკარგა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის საკითხის ირგვლივ და ეს მათ განცხადებაშიც ნათლად ჩანდა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში, შიდა დაპირისპირების მოგვარებას, ეს უკვე დემოკრატიას ეხება და ასეთი ვითარების დროს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოსთვის უფრო მიახლოებოდა ევროკავშირის ან შესაძლოა, NATO-ს წევრობას. როგორც მოგეხსენებათ, NATO დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და თუ დემოკრატია არ ფუნქციონირებს, ვერასდროს შეუერთდები NATO-ს.
ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რადგან მას შესწევს უნარი, მიაღწიოს კომპრომისს წევრ ქვეყნებს შორის სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე. ასე რომ, ყველა უნდა წავიდეს კომპრომისზე, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება, მაგალითად ევროპულ საბჭოში მიიღება. კომპრომისი ნიშნავს, რომ არავინ იღებს ყველაფერს, რაც სურს, ორივე მხარე რაღაც მეტს იღებს და ეს შეთანხმებაც ამას აჩვენებს.
_კრიზისის დასრულება რამდენად შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ?
ეს შეთანხმება არამხოლოდ იმიტომ არის მართლაც კარგი და მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტარები პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ, იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და ასე შემდეგ, ის ასევე მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან მექანიზმს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას შესახებ; ასევე ძალიან კარგია, რომ შეთანხმება მოუწოდებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური რეფორმების შესახებ, რომელზეც პარლამენტში უნდა იმუშაონ და ეს არის მნიშვნელოვანი.
ახლა ევროკავშირი და აშშ, რომლის ელჩმა კელი დეგნანმა დიდი როლი ითამაშა შეთანხმების საბოლოოდ მიღწევაში, ყველა, სიფრთხილით გიყურებენ. თუ მთავრობა სისრულეში არ მოიყვანს ამ საკითხებს, კრიზისს დაუბრუნდებით, თუმცა მთავრობის მხრიდან არსებული ამჟამინდელი დაპირება ამ კუთხით მნიშვნელოვანია.
_თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა კრიზისის მიღმა ან მოიაზრება ან სარგებლობს რუსეთი, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, ვგულისხმობ NATO-ს გაფართოების საკითხს?
მე ვფიქრობ, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია. ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია.
ასევე მესმის იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც მოაწერეს და არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას, იმედი მაქვს, რომ ისინი მალე იპოვიან გზას, რომ შეუერთდნენ ამ დოკუმენტზე ხელმომწერების რიცხვს. შესაძლოა, ეს მოითხოვდეს მოლაპარაკებებს, თუმცა საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება - ვულოცავ ბატონ შარლ მიშელს, კრისტიან დანიელსონს და კელი დეგნანს, რომელთაც მხარეების შეკრება და შეთანხმების მიღწევა მოახერხეს.
_დღეს საქართველოს შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოიწვია საქართველოში იმ მიზნით, რომ საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას...
მე არ ვფიქრობ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით. ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს.