მნიშვნელოვანია, ხმების დათვლისას პარტიების მხარდამჭერებმა მშვიდად მიიღონ შედეგები - დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.

"დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები",- განახცადა დეგნანმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.