აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ოფიციალურად აღიარებს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტას, როგორც გენოციდის ფაქტს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი თურქეთის აღშფოთებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააუარესებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
„ბაიდენი, სავარაუდოდ, გამოიყენებს სიტყვას „გენოციდი“, როგორც განცხადების ნაწილს, 24 აპრილს, როდესაც მსხვერპლთა ხსოვნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიაგებენ პატივს“, - ამბობს წყარო Reuters-თან.
აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს.
სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს.
ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.
გუშინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
ამავე თემაზე: National Interest-ი: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი