„საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიაა. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass)“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში ლორა თორნტონი, „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში და NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში.
მისი შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება; კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს.
_ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპისთვის ცუდი პრეცედენტი იქნება და ამის ნაცვლად, ძალისხმევა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაში უნდა ჩაიდოს. 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ასეთ ფორმულირებას როგორ უყურებთ და ზოგადად, დაასრულებს თუ არა კრიზისს ეს დოკუმენტი?
მადლობა ამ შეკითხვისთვის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ ახალი არჩევნების ჩატარება, როდესაც როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სანდოა, შეიძლება, პოტენციურად უარყოფითი პრეცედენტი ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი არჩევნები ტარდებოდეს მხოლოდ ძალიან იშვიათ ვითარებაში, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი დარღვევები და ფართო, დადასტურებული ხარვეზები, რაც ცვლის საერთო შედეგს და სადაც არაპარტიულმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი არც თავისუფალია და არც სამართლიანი.
სხვა შემთხვევაში, წაგებულ მხარეებს ყველგან შეუძლიათ (და სინამდვილეში ამას აკეთებენ) ასეთი მოთხოვნების წამოყენება მტკიცებულებების გარეშე (როგორც ვნახეთ, მაგალითად, აშშ-სა და მიანმარში.) ამრიგად, 19 აპრილის შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების უნიკალურობას და ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისის საჭიროებას. მე მივესალმები ამ შეთანხმებას და ვულოცავ ყველა მხარეს.
ასევე მივესალმები პარლამენტში ძალთა ბალანსის შესახებ არსებულ განწყობას. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტთან და უმცირესობის უფლებები ძალიან შეზღუდულია. მე რომ ვიყო თავმჯდომარე კომიტეტში, ოპოზიციის მხრიდან, საბიუჯეტო საკითხებზე ვფოკუსირდებოდი, მნიშვნელოვანი იქნებოდა ზედამხედველობის უფრო მკაცრი დებულებები. საქართველოს საკანონმდებლო შტო საკმაოდ სუსტია. ვიმედოვნებ, რომ გარკვეული რეფორმების შედეგად, პარლამენტი უფრო ეფექტური მაკონტროლებელი გახდება. ვფიქრობ, პოლარიზაცია შეიძლება ასე სწრაფად არ დასრულდეს, თუმცა აპრილის კომპრომისი კარგი ნიშანია. რაც შეეხება კითხვას, დაასრულებს თუ არა ეს დოკუმენტი კრიზისს, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ კრიზისს. ეს ნამვდილად პოზიტიური განვითარებაა, რაც როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში ადგილებს დაიკავებს.
საქართველოს არჩევნები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე საზიანო ხარვეზები ნამდვილად არ ფიქსირდება არჩევნების დღეს, მაგრამ ეს ხდება მანამდე. განსაკუთრებით, დაშინება, სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და არათანაბარი გარემო (ფინანსური მხარდაჭერა). არჩევნების პარალელურად, ასევე პრობლემაა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა (ან ასეთი აღქმა). ეს არის გამოწვევები, რომელთა მოგვარება კანონმდებლობითა და რეგულაციებით რთულია და თან სდევდა ქართულ არჩევნებს წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის დროს.
არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილება, საჩივრების განხილვის პროცედურები, ოქმების დამუშავება და ასე შემდეგ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები ამ ნაბიჯების შემდეგაც სხვა შედეგს მოიტანდა. მაგალითად, ვხედავთ, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი სამსახურს კარგავს, არამხოლოდ პოლიტიკურ და ადგილობრივ დონეებზე. ამრიგად, არსებობს სტიმული, რომ „თავი დახარონ“ და მთავრობას დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ამას ემატება დაშინება, ან თუნდაც უბრალოდ „წახალისება“, რომელიც აღწერილი აქვს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ უამრავ თანამშრომელს - მასწავლებელს, სამედიცინო მუშაკს და ა.შ. საქმე იმაშია, რომ საარჩევნო რეფორმისა და ვადამდელი არჩევნების დროსაც კი ასეთი გამოწვევები იქნება, როგორც ეს 2012 წელს ვნახეთ.
არ არსებობს პლურალიზმის ან ძალაუფლების განაწილების ნება, უფრო მეტიც, გამარჯვებულმა მხარემ უნდა „გაანადგუროს“ მისი ოპონენტი და დამარცხებული უნდა გაიქცეს, ან ციხეში აღმოჩნდეს. ეს ქმნის სტიმულს მმართველი პარტიისთვის, რომ მთავრობას ჩაებღაუჭოს და ამისათვის მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს - სასამართლოები, სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფო მოსამსახურეები. ვფიქრობ, საქართველოში სხვა „კრიზისიც“ არის: ქართველი ხალხი უკმაყოფილოა თავისი მთავრობით და, უფრო საგანგაშოდ, დემოკრატიით. მათ არ მოსწონთ პარტიები, არ სჯერათ არჩეული წარმომადგენლების და ქვეყნის მიმართულებით ბედნიერები არ არიან. ეს მიუთითებს ქართულ პოლიტიკაში უფრო საშიშ და დუღილის ტემპერატურაზე მყოფ კრიზისზე.
_როგორც NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კვლევების გათვალისწინებით, კარგად იცნობთ განწყობებს საქართველოში. ბოლო გამოკითხვით, ბოიკოტს 60% არ უჭერდა მხარს, რიგგარეშე არჩევნებს 45% ემხრობოდა, 45% - წინააღმდეგი იყო. თქვენი შეფასებით, რაზე მიუთითებს ამომრჩეველი?
საინტერესო შედეგებია. ლოგიკურია, რომ ქართველების უმრავლესობას სურს, პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სახელით რამე გააკეთოს, ვიდრე აირიონ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებზე ხმების გაყოფას, ვფიქრობ, ეს უკავშირდება პოლიტიკურ პრეფერენციებს. შეიძლება, ვადამდელ არჩევნებს, როგორც ჩიხიდან გამოსვლის გზად ცოტა ვინმე განიხილავდეს.
_ამ კრიზისის გამო, ხშირად ვისმენდით განცხადებებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება და რომ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეც დაემუქრებოდა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რამდენად შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და საბოლოოდ, იმიჯის ასე თუ ისე შენარჩუნება?
საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი არის დემოკრატია. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. ამრიგად, როდესაც დემოკრატია უკან იხევს, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პარტნიორებში იმედგაცრუებას იწვევს. ვფიქრობ, ნამდვილად იყო იმედგაცრუება, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველა მხარდაჭერა მიიღეს. ვფიქრობ, შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass). შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს.
_საერთაშორისო პარტნიორები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობდა რუსეთი იყო, როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ? მაგალითად, გენერალი ბენ ჰოჯესი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში. მათი მიზანია, დათესონ უნდობლობა დემოკრატიის მიმართ და შექმნან პოლიტიკური ქაოსი და ეს ამოცანა უფრო მარტივდება, როდესაც ქვეყანა ზიანს აყენებს საკუთარ თავს, თუნდაც რუსული დეზინფორმაციის და ჩარევის გარეშე.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია - (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის მოსაზრებებს თუ დავუმატებთ) კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები.
_არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი ან მოიაზრება მის უკან.
ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს. საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.