შალვა შავგულიძე: პარლამენტში შესვლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღე

შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, ხვალ პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება.

შალვა შავგულიძემ Europetime-თან განაცხადა, რომ ადრე ბოიკოტს ემხრობოდა, რადგან დასავლეთის მკაფიო ყურადღება გვჭირდებოდა იმის გამო, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე.

„ჩვენმა პარტნიორებმა ნახევარწლიანი მედიაციის შედეგად წარმოადგინეს პირობები, რომლებიც არის კომპრომისის ბოლო შესაძლო ვარიანტი. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ვითარება ნორმალიზებულ კალაპოტში მოქცეულიყო და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეები არ შექმნოდა, მით უმეტეს, რეგიონში შექმნილი მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის წარმომადგენლობის გაზრდამ გამოიწვია, ასევე - უკრაინასთან კონფლიქტი. ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია გასათვალისწინებელია და საჭიროა, საქართველოში პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია იყოს. ეს შედის ამ ქვეყნის ინტერესში.

შეთანხმება ორი პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. დოკუმენტში არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის პერსპექტივა, (გამართლებულად არ მიმაჩნია ის მექანიზმი, მაგრამ ამ თემის გახსნის მექანიზმი გამოჩნდა).

ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს ხელმოწერით, რომ ეს ორი საქმე საზოგადოებაში პოლიტიკურად აღქმულია; რომ ვადამდე არჩევნებზე საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული დათქმებით, რომელიც ალბათ მუშაობის პროცესში დაიხვეწება; რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა; საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის რეფორმა - ამაზე უარის თქმით თუ ხელს ავუკრავდით დასავლეთს, რას გვეტყოდნენ - რომ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ამ კომპრომისულ ვარიანტზე შევძელით პოზიციების მიახლოება და თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გავარკვიოთ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, რაზე ვთანხმდებით. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მედიაციიდან გავიდოდა დასავლეთი და დავრჩებოდით პირისპირ ამ პრობლემებთნ, გამოდის, რომ უარს ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს და საბოლოოდ, თუ ასეთ სვლას გავაგრძელებთ, მარტო დავრჩებით რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს.

ის „ქართული ოცნების“ მარცხზე მიუთითებს.

„ალბათ, რუსეთისგანაც იყო საყვედურები, რატომ შეძლო დასავლეთმა ჩვენთან ასე ჩართულობა და პრობლემების მოგვარება, რომელთა გამწვავებაზეც დიდ ძალისხმევაც ხარჯავს სწორედ რუსეთი და სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება. იმდენად მარცხად აღიქვეს, რომ დაუყოვნებლივ შესწირეს პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან ის იყო ხელისუფლების მხრიდან ამ მოლაპარაკებებში ჩართული.

ახლა, საჭიროა რეალურად შეფასება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, რათა მივიღოთ ის სიკეთე და დახმარება, რასაც ჩვენთვის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ ახლა ბოიკოტი აღარ იქნებოდა მიზანშეწონილი, მანამდე მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო, რადგან დასავლეთის ყურადღება მკაფიოდ მიგვექცია, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები მოხდა, რამაც არჩევნების ბედი შეცვალა და ხელისუფლებაში დარჩა ის ძალა, რომელიც ობიექტური დათვლის შემთხვევაში ვერ დარჩებოდა ხელისუფლებაში და მოვიდოდა კოალიციური მთავრობა.

თუმცა, ახლა ისეთი პირობები იყო შემოთავაზებული, რომელზეც უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მე ასე აღვიქვი ეს სიტუაცია და ამიტომ მივიღე ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შევსულიყავი, მე პარლამენტში ხელისუფლების ოპოზიციონერად შევდივარ და არა მის მომხრედ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს.