რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ფაქტს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ თურქეთი აშშ-ს მწვავე რეაგირებით უპასუხებს, მისი დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება, რაც თურქეთის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
-რა საპასუხო რეაქცია შეიძლება ჰქონდეს თურქეთს, აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე? რატომ წამოწია სწორედ ახლა ბაიდენმა ეს თემა, მით უფრო მაშინ, როცა სომხეთში ვადამდელი არჩევნებია დანიშნული. რა იქნება თურქეთის საპასუხო რეაქცია და როგორ აისახება შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე ეს კრიზისი? - ამ საკითხებზე უფრო ვრცლად, ანალიტიკოსი,რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime- თან ინტერვიუში საუბრობს.
- ბაიდენის ამ გადაწყვეტილების გამო, თუ აშშ თურქეთის ურთიერთობა მეტად დაიძაბა, რა შეიძლება იყოს ერდოღანის საპასუხო ნაბიჯი? ვიცით,რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და საუბარი იყო აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნების გახსნაზე. მაინც და მაინც ახლა რატომ წამოწია ბაიდენმა ეს თემა, როცა უკრაინის კრიზისის ფონზე ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთვის?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით ბაიდენს წინა საარჩევნო დაპირება ჰქონდა მიცემული, ამერიკის სომხური დიასპორისთვის. 24 აპრილი არის დღე, როდესაც სომხები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ თურქეთში მომხდარი სომეხთა გენოციდის დღეს. 24 აპრილს, ამერიკის წინა პრეზიდენტები ერს მიმართავდნენ და ამ დღეს, როგორც დიდ ტრაგედიად ისე მოიხსენიებდნენ. ახლა ტრადიციული მიმართვის დროს, ბაიდენმა ახსენა არა მხოლოდ დიდი ტრაგედია, არამედ როგორც გენოციდი.
რაც შეეხება თურქეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია პოზიცია შეიცვალოს. თურქეთი თავის ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერც დასავლეთს უახლოვდება და ვერც რუსეთს. თავისი უნიკალური იდენტობა გააჩნია, მათ შორის ისტორიული წარსული, რაც მას რუსეთთან დაახლოების საშუალებას არ აძლევს.
ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია რომ ერდოღანმა უკრაინის მიმართულებით რამე შეცვალოს. უკრაინა ცალკე დამოუკიდებელი პრობლემაა. იქ ყირიმის თემაა, ყირიმელი თათრების საკითხი, რომლებთანაც თურქეთს ახლო ურთიერთობა გააჩნია. ბევრი ფაქტორია. მათ შორის რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, რაც თურქეთს არ აწყობს.
-შესაძლოა, თუ არა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება თურქეთის კონკრეტულ ქმედებებზე საპასუხო დარტყმა იყოს ამერიკისგან? სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის წამოწევა, აშშ-ს პასუხი და ერთგვარი სიგნალი ხომ არ იყო თურქეთისთვის?
-ამას აქვს ორი განზომილება, ერთი თურქეთთან ურთიერთობის და მეორე სომხეთთან ურთიერთობის. აქამდე შეერთებული შტატები უფრთხილდებოდა თურქეთთან ურთიერთობას. ამერიკის ყველ პრეზიდენტი თავს იკავებდა გენოციდი ეწოდებინა ამ მოვლენისთვის. ბაიდენი კი, უკვე ღიად აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთთან აშშ უფრო მყარად გრძობს თავს და შეუძლია უფრო შორს წავიდეს, რაც სხვადახვა ფაქტორიდან არის განპირობებული. ერთ-ერთია რუსული S400-ების შეძენა, რომელიც ამერიკულ მხარეს ძალიან აღიზიანებს და ერთგვარი პასუხიც არის ამაზე.
- ახლა როცა პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა და სომხეთი ახალი არჩევნებისთვის ემზადება, შესაძლოა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება განპირობებული ყოფილიყო სომხეთში პროდასავლური განწყობების გასაძლიერებლად? ამ არჩევნებში, პროდასავლური ძალის გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყარაბაღის ბოლო ომის დროს, რუსეთმა სომხეთის ინტერესები არ დაიცვა. შესაძლოა, სწორედ თურქეთთან გარიგების გამოც...
-რა თქმა უნდა, ბაიდენის ამ გადაწყვეტილების მეორე განზომილებაა სომხეთი, სომხეთში პრორუსული ძალების შეკავების მიზანი, მოახლოებული არჩევნების დროს, როდესაც სომხეთმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის ანდობს საკუთარი ქვეყნის ბედს. ეს, ფაშინიანის მიმართ, ერთგვარი მხარდაჭერაც არის, რადგან ფაშინიანის პრემიერობის დროს მოხდა გენოციდის აღიარება. სომხეთში სხვა პროდასავლური ოპოზციური ძალებიც არიან თუმცა -შედარებით სუსტები, მეორე მხარეს კი ღიად პრორუსული ძალები დგანან.
- ამერიკასთან და ზოგადად დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები, რამდენად და როგორ აისახება თურქეთის ეკონომიკაზე?
-რა თქმა უნდა ამერიკის ამ გადაწყვეტილებას ორმხრივი ურთიერთობების გართულება მოჰყვება. მაგრამ აქ მთავარი არის განზომილებები. არსებობს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური განზომილება.
თურქეთი ახლა ყველანაირად შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ პირველ რიგში თავისი ეკონომიკა არ დააზიანოს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ორი მიზეზით. ერთი არის კორნავირუსი და მისგან გამოწვეული სირთულეები. მეორე მიზეზია დასავლეთთან ხანგრძლივი დაპისპირების შედეგად, თურქული ეკონომიკიდან დასავლური ინვესტიციების გასვლის საკითხი, რაც უარყოფითად აისახება იგივე თურქული ლირის კურსზე. ახლა დასავლეთთან ურთიერთობის ნებისმიერი სერიოზული გართულება, ისევ ლირას და თურქულ ეკონომიკას დაარტყამს. ამიტომ, მხოლოდ თურქეთის განცხადებებს ვხედავთ, მაგრამ ქმედებები არ არის. მათთვის დგას მთავარი საკითხი, ეკონომიკა უნდა გადაარჩინონ.
თურქულ ლირის კურსზე მიბმულია ქართული ლარი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ეს ქვეყანაა. ამასთან თურქეთში ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც თურქულ ლირაში იღებენ ხელფასს და საქართველოში გზავნიან.
- მსოფლიოს წამყავნი სახელმწიფოს მხრიდან, სომეხთა გენოციდის აღიარებამ, სომხეთ-თურქეთის გართულებულ ურთიერთობებში რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს?
-ჯერ-ჯერობით მათ ისევ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. არც უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ახლო პერსპექტივაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. როდესაც ურთიერთობები არ გაქვს, ვერც გააფუჭებ.
სატრანსპორტო დერეფნის თემას მე პირადად, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი. ერთია განცხადებები, რომ დერეფანი გაკეთდება სომხეთის გავლით თურქეთთან, მეორე არის ასეთი რეალობები, რომელიც ახლა წყდება. ეს იქნება გენოციდის აღიარება ან სხვა საკითხები, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას, დერეფანი იქნება ეს თუ სხვა საკითხები.