„NATO უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების კონტროლს განაგრძობს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
„რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში.
ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის.
ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე.
ეს არის რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითის კიდევ უფრო ფართო ნაწილი, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის მხრიდან დეესკალაციის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი და დაგვიანებულია.
NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განვაგრძობთ. NATO უკრაინის გვერდით დგას და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალა უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცებაში დავეხმარეთ.
გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში მეტი სწავლებით და პორტში ვიზიტებით; ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ფართო რეფორმის დღის წესრიგს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის NATO-სთან დაახლოებას. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩავატარეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, სადაც განვიხილეთ უახლესი მოვლენები. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაი: NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება