ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, დღეს პარლამენტში პირველ ერთობლივ პლენარულ სესიას დაესწრნენ. რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომას გიორგი ვოლსკი უძღვეოდა. პარლამენტის თავმჯდომარედ დღეს კახა კუჭავა აირჩიეს.
სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ პირველ საპარლამენტო სიტყვაში „პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და გიორგი რურუას მიესალმა“, მან განაცხადა რომ კრიზისი დასრულებული არ არის, ვიდრე სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული შეთანხმების გარშემო.
„ვერავინ და ვერასდროს ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან, რაც იმ დღეს მოხდა და პარლამენტის ისტორიიდან ვერ ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის ამოიშლება, როდესაც ნიკა მელიას მოეხსნა იმუნიტეტი მის დასაპატიმრებლად. მაგრამ ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას და წარსულ ტკივილს, რათა შევძლოთ საზოგადოება წინსვლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი. ამ 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგვეძლო. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ოდნავ მაინც მიეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისათვის“, - ამ სიტყვებით კი პარლამენტში შეკრებილებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.
აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს.
ჩვენი შეხვედრებისას ბრიუსელში ვნახეთ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან, ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მათ მიერ გაჟღერდა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის.
საქართველო შესაძლოა, იყოს ამ საგზაო რუკის მიღების კანდიდატი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს 2022 წელს, რომლის შედეგადაც არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება, ევროკავშირს განაცხადით მიმართოს საქართველოს წევრობის კანდიდატად მიღების თაობაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„საკმაოდ რთული დღეა დღეს იმიტომ, რომ 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ის მომენტი და შემთხვევაა, როცა ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე საქართველოს განვითარებაში, როდესაც საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, შეთანახმების გზით უნდა ვიაროთ. შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება ეს არის ევროპული კულტურა, დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება, საითაც ჩვენ ყველანი მივდივართ, ეს არის ევროკავშირი, ნატო, დასავლეთის ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრობა.
რაც ყველაზე მეტად მახარებს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული დაჩქარდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და გაღმავდება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ არ გავაჭიანუროთ პროცესი და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ დიდი კულტურა. და ბოლოს, დღეს ჩვენ უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს და მათ მინდა ვუთხრა, რომ დღეიდან ჩვენ შევძლებთ ჩვენს ოპონენტებს პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, გემსახუროთ თქვენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ჩვენ ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიციური კოლეგა, რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა, თითოეული ჩვენგანის მიმართ საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ხათუნამ სამნიძემ განაცხადა.
„ძირითადად, რაც გვესმოდა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან, იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის. ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიხილოთ ორი ადამიანი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები, თავისუფალი და ამით ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, გავუჩინოთ ნდობა, რომ ჩვენ შესაძლებელია შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რასაც ხელი მოვაწერეთ და რაზეც შევთანხმდით. ჩვენ შესაძლებელია ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. მინდა ყველას გთხოვოთ, ამ ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ მტრობის და დაპირისპირების, ისევ კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რაც ეხება ამნისტიის კანონი,“- განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შეკრების შემდეგ უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს.
„ძალიან ბევრი კითხვაა და ყველაზე მთავარი კითხვა, ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, ორივე მხარემ გუშინ, რომ არა! - ამ ადამიანებს არ შეეხებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ სამუშაო შეხვედრების შემდეგ, უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდება ამნისტიის ორი კანონპროექტი – ერთი ოპოზიციის და ერთი „ქართული ოცნების“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.