ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, დმანისში მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

„ამ პროექტის მომზადება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინვესტორებთან ერთად, ჩვენი სამინისტრო პირველივე დღიდან იყო პროცესში ჩართული. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი შედგა. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ, ჩვენი თხოვნით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოების და ბაზრის დეტალური კვლევა დააფინანსა. ამ კვლევის ჩატარების შემდგომ, მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტირებაში და დღეს უკვე გვაქვს ახალი ჯიშის პირველი ლოტი. ეს არის ფრანგული, სალერსის ჯიში, რომელიც საქართველოში შემოვიდა, რომელიც მთის ცივ კლიმატს კარგად ეგუება და დმანისისთვის იდეალურია.

დმანისში გახსნილ ახალ ფერმაში გამოყენებულია ტექნოლოგიური სიახლეები, მიღწევები და ფრანგული გამოცდილება. ეს პროექტი მეხორცული მიმართულებით სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს მეურნეობა შეძლებს როგორც ადგილობრივი, ასევე არაადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი ხორცით მომარაგებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვსურს, მოვიზიდოთ ფრანგი ინვესტორები, რათა მათ, ინვესტიციების განხორციელებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.შპს „დმანისის მეცხოველეობა“ ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმაა.

ფერმის მოსაწყობად ჯამური ინვესტიცია 10 მილიონი ლარია, მათ შორის, 6 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის სადედე საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს.

ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ახალი ფერმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, კომპანიის ქართველი ინვესტორი არჩილ გიორგაძე, კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი ჟაკ ფლური, რომელსაც საქართველოში აგრო-ინდუსტრიული მიმართულებით საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.