ვენეციის კომისია საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასკვნაში აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა დადებითი დინამიკა გასაჩივრებისა და თანასწორობის მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ Europetime-ს ევროპის საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც გაითვალისწინეს მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატის მიმართ.
რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის საბჭოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის.
ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას, რომ განხილული უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, ვიდრე პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ეს რეკომენდაციები შემუშავებულია, რათა გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლება იყოს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს ვენეციის კომისია.
„არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დასკვნაში.
პრესრელიზის ბოლოს მითითებულია, რომ დასკვნა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა მოითხოვა და ის მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.