კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ გასაკვირი არც არის ევროკავშირის და აშშ-ს ასეთი აქტიურობა საქათველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, რადგან დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ შეიძლება მალე დადგეს მომენტი, როცა საქართველო NATO-ში დასჭირდებათ.

ანალიტიკოსის განმარტებით, ადრე აშშ-ს და ევროკავშირს, რუსეთთან დაპირისპირება არ სურდათ. მაგრამ ახლა, ისედაც დაპირისპირებულები არიან და სიტუაცია ისე გამწვავდა, ურჩევნიათ საქართველო და უკრაინა ბოლომდე მათ მხარეზე იყოს.

„ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, სხვა სიტუაციაში, შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩნდეს შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას რუსეთს, დასავლეთის გაერთიანებულ ძალებთან დაპირისპირებაში, რა შეიძლება იყოს ის საფასური, რომლის გადახდაც რუსეთს საკუთარი ქმედებებისთვის მოუწევს, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს და რას ცვლის საქართველოსთვის ეს ყველაფერი? - ამ საკითხებზე Europetime-ს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ესაუბრა.

- თქვენი აზრით, ბაიდენმა რა იგულისხმა რუსეთის მიერ მაღალი საფასურის გადახდაში და რა შეიძლება იყოს ეს საფასური?

-არაერთხელ ითქვა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვებიან. ასეთი ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, NATO-ს წევრი სახელმწიფოები და მათი ჯარები სამხედრო კუთხით არ ჩაერევიან, თუმცა იქნება მაღალი დონის სანქციები.

ახლა თუ რაღაც შედარებით მსუბუქი სანქციები გამოუცხადა აშშ-მ რუსეთს, სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, სანქციები იქნება ბევრად უფრო მძიმე. მაგალითად, შეიძლება რუსეთი გათიშონ საერთაშორისო საფინანსო გადახდების სისტემებიდან. შეუჩერონ ყველანაირი ანგარიშები. უამრავი სხვა სახის სანქცია შეიძლება ამოქმედდეს. ახლა აშშ-სა და ევროკავშირის პირდაპირი სანქციებია, კომპანიების მიმართ, რომლებიც ყირიმში გარკვეულ ოპერაციებთან არიან დაკავშირებულნი. გამწვავების შემთხვევაში კი, შეიძლება ირიბი სანქციებიც დაწესდეს, რომელიც ამ კომპანიების მიერ დაფუძნებულ ან მათ პარტნიორ ორგანიზაციებსაც შეეხება. მოსალოდნელია უფრო ფართო სანქციებიც, რომელიც რუსეთის მთელ ეკონომიკას მოიცავს. ასევე, შესაძლოა შესყიდვები შეწყდეს რუსეთიდან, მაგალითად გაზის შესყიდვა. ევროპის ქვეყნებს რამდენიმე თვიანი მარაგები გააჩნიათ. სანამ LNG-ის ტერმინალების საშუალებით ამერიკულ გაზზე, ან სხვა წყაროებიდან მოწოდებაზე გადასვლა მოხდება, შეუძლიათ ეს რამდენიმე თვიანი რეზერვები გამოიყენონ. რაც შეეხება ნავთობს, სხვა მომწოდებლებისგანაც იყიდიან. ეს ევროპელებს ეხება მხოლოდ, ამერიკას აღნიშნული პრობლემა არ აქვს.

-თუ გავითვალისწინებთ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანსაც, ფართომასშტაბიანი სანქციები, რამდენად მძლავრად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას და როგორ აისახება ეს ყოველივე, სექტემბერში დანიშნულ არჩევნებზე, პუტინის პარტიის რეიტინგზე და გავლენების შესუსტებაზე? ის რასაც აშშ აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს საფასურის გადახდა, ხომ არ გულისხმობს რუსეთში პუტინის გავლენებზე დარტყმას, სხვადასხვა გზით? თუ გავითვალისწინებთ ნავალნის საქმესაც..

-მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ განაცხადა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გამომყავსო, ჯერ ამის დაჯერება ნაადრევია. რისკი ჯერ კიდევ რჩება, კი განაცხადეს ჯარები გაგვყავსო, მაგრამ ძირითადი ძალების დისლოცირებას, იქვე, ახლოს გეგმავენ. ფაქტია, უკრაინაში შეჭრა უკვე წამგებიანი იქნება მისთვის. ერთადერთი, რასაც რუსეთში მოსახლეობა ამართლებდა, იყო ყირიმის ანექსია. რაც შეეხება დონბასს, იქ ამართლებდნენ მხარდაჭერას და არა ანექსიას. მაგრამ ეს მხარდაჭერაც ფსევდოპატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან და ა.შ. კრემლის დანარჩენ გეგმებს - შავი ზღვისპირეთი წაართვას უკრაინას, შეიჭრას უკრაინის სიღრმეში და კიევს შეუტიოს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობა მხარს არ უჭერს, კრემლის ასეთ მოქმედებებს. უკრაინასთან ფართო მასშტაბიანი ომი არ სურთ.

შეიძლება პუტინმა აქ სტრატეგიულად ძალიან წააგოს, თუ ასეთი სახის ომს წამოიწყებს და მით უმეტეს, თუ ეს ომი დამატებით პრობლემებს მოუტანს. მაგალითად ვერ მოახერხოს სწრაფი მოქმედება. უკრაინა ის აღარ არის, რაც 2014-ში იყო. ამიტომ შეიძლება სწრაფი გამარჯვება არ მოუტანოს და დიდი დანაკარგები ჰქონდეს. ძალიან არაპოპულარული შეიძლება გახდეს ეს ომი, თავად რუსეთში.

ნავალნის საქმეც თავისთავად. ნავალნის, რომ რამე მოსვლოდა ან მოუვიდეს, სულ სხვა სიტუაცია იქნება, ვიდრე თავის დროზე ნემცოვის მკვლელობა. იმიტომ, რომ ნავალნიმ მოასწრო არამარტო ლაპარაკი, კრემლის კორუმპირებულობაზე კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩენაც. თუმცა ესეც არ არის ბოლომდე საკმარისი კრემლის პროპაგანდის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, მაგრამ ნავალნიმ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოატრიალა სხვა მიმართულებით და თვალები აუხილა.

-საუბარია ბაიდენის და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე. თუ რუსეთის შიდა პრობლემებს გავითვალისწინებთ, ასევე უკრაინასთან ომით გამოწვეულ იმ შედეგებს, რაზეც თქვენ საუბრობთ, რამდენად აწყობს პუტინს სიტუაციის განმუხტვა და შესაძლოა თუ არა დათანხმდეს ამ შეხვედრას, ან ვითარების დასტაბილიზირება დაიწყოს?

-შეხვედრა არ ვიცით ჯერ იქნება საერთოდ თუ არა. ამიტომ ალბათ ესეც რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია. მას შემდეგ რაც ბაიდენმა თქვა პუტინი მკვლელიაო, პუტინის მხრიდან ასე სწრაფად დათანხმება შეხვედრაზე, მის რეიტინგზე ალბათ უარყოფითად იმოქმედებდა და ამიტომ ჯერ პასუხი არ მიუცია. ამასთან ჩანს რომ ჯერ სხვა გეგმები აქვს. საბოლოო ჯამში ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს პუტინი და არ ვიცით მისთვის ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. გამორიცხული არ არის გამოსავალი ჯერჯერობით თვითონაც არ იცოდეს.

- გარდა ამერიკის და უკრაინისა, ბოლო კვირებში რუსეთს ურთიერთობა დაეძაბა ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთანაც. როდესაც დასავლეთი ერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ, კრემლის დასაყრდენი, მოკავშირე, ვინ შეიძლება იყოს ამ ეტაპზე, აშშ-ს, ევროკავშირის და NATO-ს გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ?

-ერთადერთი, ვისკენაც ახლა რუსეთი იყურება, ეს არის ჩინეთი, რადგან ამერიკა ჩინეთს უფრო მეტად, თვლის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ვიდრე რუსეთს. ამიტომ კრემლი ყველანაირად შეეცდება ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვოს, თუ დასავლეთთან კონფლიქტი უფრო მეტად გაუმწვავდება. თუმცა, არ მგონია, ჩინეთი ბოლომდე სანდო პარტნიორი იყოს რუსეთისთვის. ჯერ ერთი რომ მათ ტერიტორიები აქვთ გასაყოფი და თუ ვინმეს უჭირავს რუსეთის ტერიტორიებზე თვალი, ეს ჩინეთია. ევროპას და ამერიკას რუსეთის ერთი გოჯი მიწაც კი არ სჭირდებათ. ჩინეთი კი დიდი სიამოვნებით წაიღებდა მის ტერიტორიებს, რადგან ძალიან სჭირდება და ისტორიული პრეტენზიებიც გააჩნია.

მეორე ის, რომ ჩინეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი. რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ევროპის და ამერიკის ბაზარია. იმხელა სავაჭრო ბრუნვა აქვს ამ ბაზრებზე, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 20-ჯერ აღემატება. თუ ის ამ ბაზრებს დაკარგავს და მასთანაც ჩაკეტავენ ურთიერთობებს, სერიოზულად დაზარალდება ჩინეთი. თუმცა ომიც რომ დაიწყოს, დასავლეთიც ბოლომდე ვერ ჩაკეტავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი არიან. მაგრამ თუ შემცირდება ეს სავაჭრო ბრუნვა, ჩინეთს ძალიან დაარტყამს.

არ მგონია ჩინეთის ხელმძღვანელობა ამდენად ჭკუამოკლე და ფანატიკოსი იყოს, საგარეო ურთიერთობების კონტექსტში. შეიძლება ჩინელების პოლიტიკა არ მოგვწონდეს და ფუნდამენტურად მცდარიც იყოს, მაინც კომუნისტური რეჟიმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიულად და გრძელვადიანად აზროვნებენ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ჩინეთის იმედი.

თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შეიძლება ჩინეთმა ამით ისარგებლოს და ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლისგანაც ის ვეღარ გადარჩება. ერთადერთი რაც რუსეთს იცავს და რითიც ის აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს, არის მისი ბირთვული არსენალი, მაგრამ არ ვიცით ჩინეთს რამდენად ეშინია უკვე ამ რუსული ბირთვული შანტაჟის. თვითონაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები აქვს, რუსეთის გასანადგურებლად, სამხედრო და სამოქალაქო თვალსაზრისით.

-რაც შეეხება თურქეთს, რომელიც აცხადებს, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში. თუმცა გადახედა მონტროს კონვენციას, რაც აშშ-ს და NATO-ს გემებს შავ ზღვაში შემოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს და პოზიციებს როგორ შეაფასებთ? თურქეთი რამდენად სანდო შეიძლება იყოს დასავლეთისთვის, ამ სიტუაციაში?

-თურქეთი თუ არჩევანს გააკეთებს, რა თქმა უნდა ეს დასავლეთის სასარგებლოდ იქნება. ჯერ ერთი, თურქეთი და რუსეთი უფრო მეტად მოწინააღმდეგეები არიან ისტორიულად, ვიდრე თურქეთი და დასავლეთი. ყირიმის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის რომ კონკურენტები არიან, მაგალითად შუა აზიაში. პანთურქიკული იდეები, რომელიც ერდოღანს აქვს, რუსეთისგან განსხვავებით დასავლეთს ნაკლებად ადარდებს. რუსეთს თვითონ ჰყავს თურქულენოვანი მოსახლეობა დიდი მასშტაბით და თურქეთის ინტერესების გაზრდის ეშინია. გარდა ამისა მათი ინტერესები ეჯახება სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში. ყველგან არის დაპირისპირებული ინტერესები. თუმცა რაღაც დონეზე ახერხებენ გამოსავლის პოვნას და ურთიერთობების შენარჩუნებას, სიტუაციურ დონეზე. ოღონდ ეს არის სიტუაციურ დონეზე. საბოლოო ჯამში სტრატეგიულად, თურქეთი მაინც დასავლეთის მხარეზე დადგება.

1936 წელს ხელმოწერილი მონტროს კონვენცია საბჭოთა კავშირსა და შემდგომ რუსეთს შავ ზღვაზე დომინაციის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა თანამედროვე ეტაპზე NATO-ს წევრ ქვეყნებს და აშშ-ს სჭირდებათ თავისუფლი შესვლა შავ ზღვაზე. მონტროს ხელშეკრულებამ პრაქტიკულად რუსეთს შესაძლებლობა მისცა ჰეგემონი გამხდარიყო შავ ზღვაში, თურქეთი კი მარტო ვერ უმკლავდება იქ, განსაკუთრებით ყირიმში, რუსეთის სამხედრო აღმშენებლობას. ამიტომ აუცილებელია, ან კონვენციის გადახედვა, ან სხვა გამოსავლის ნახვა, მაგალითად რასაც თურქეთი აპირებს - ბოსფორის სრუტის გვერდის ავლით ახალი სანაოსნო არხის გაჭრას.

-მთელი ამ გლობალური პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ როგორ უნდა გამოიყენოს შავი ზღვის რესურსი? უკრაინა ბოლო დროს, აქტიურად ითხოვს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას. რა შანსები აქვს ახლა უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად და საერთაშორისო უსაფრთხოების ამ ახალ არქიტექტურაში, საქართველო სად არის? რა ნიშნულზეა? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სიტუაცია? .

- რუსეთი შესაძლოა სწორედ მაგიტომ ქმნიდეს კრიზისს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში, რომ გამორიცხოს სტაბილიზაცია, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების რისკებს დაბლა დაწევს და NATO-სა და მის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. სტრატეგიულად ეს ქვეყნები ალიანსს ძალიან ბევრს შემატებს, საქართველო თავისი ტერიტორიის გეოპოლიტიკური უპირატესობებით და მნიშვნელობით, უკრაინა, როგორც თავისთავად უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანა. ჯერ მარტო უკრაინის არმიაზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ლამის უკვე ყველაზე დიდი არმიაა. ახლო მომავალში უკრაინას შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ 300-400 ათასიანი აქტიური ჯარი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, ეს დიდი ძალა აღიჭურვება NATO-ს შეიარაღებით, მისი სტანდარტებით გაიწვრთნება. მეორეც, უკრაინა თავისი სტრატეგიული სიღრმით, ბუნებრივ ბუფერს ქმნის რუსეთთან მიმართებაში და რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვან სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენს.

- გულისხმობთ იმას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო დაძაბულობა იმიტომ შექმნა, NATO მისი გაწევრიანების დაჩქარებას გეგმავდა? იყო ამის ფონი და ამის სიგნალები დასავლეთიდან?

-2018 წელს უკრაინა ისეთივე უახლოესი პარტნიორი გახადეს, როგორც საქართველოა და დაიწყო ინტენსიური ლაპარაკი რომ უკრაინა მიიღონ NATO-ში. როდის და რანაირად მოხდება ეს არავინ იცის. ჯერ შესაბამისი პირობები არ ჩამოყალიბებულა. რუსეთი ამას ითვალისწინებს და იცის რომ უკრაინის შესვლა NATO-ში მისთვის ძალიან დიდ სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს. თავისთავად ის აკეთებს ამის პრევენციას. თავის დროზე ყირიმის თემით პრევენცია მოახდინა. ეშინოდ, თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, მერე NATO-სგანაც შეიძლება მიეღო MAP-ი და ყირიმიდან სამხედრო ბაზების გაყვანა მოეთხოვა, რაც შავ ზღვაში რუსეთის პოზიციებს საგრძნობლად დაასუსტებდა. ამის გამო, ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთისთვის სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც შავი ზღვაა, ან ნებისმიერი მიმართულება ევროპისკენ. თუ უკრაინა NATO-ში შევა, უკრაინის ყველა პორტი მისთვის საფრთხე ხდება.

-თუ ასეთი დიდია NATO-ს სტრატეგიული ინტერესი, უკრაინის მიმართ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებთ, რამდენად მოსალოდნელია NATO-მ თვალი დახუჭოს იმ ფაქტორზე, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მყარად არაა ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუციები, ასევე გარკვეული კითხვები არსებობს კორუფციაზე? შესაძლებელია, მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, მაინც მიიღონ ალიანსში?

-თავის დროზე, როცა თურქეთი მიიღეს NATO-ში, ძალიან შორს იყო დასავლური დემოკრატიისგან და უამრავი პრობლემა ჰქონდა ქვეყნის შიგნით, მაგრამ ტრუმენის დოქტრინის საფუძველზე, ჩაითვალა რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან თურქეთისა და საბერძნეთის მიმართ საფრთხე რეალური იყო. ამიტომ 1952 წელს ორივე ეს იმ დროისთვის არადემოკრატიული ქვეყანა ალიანსში გააწევრიანეს. მიუხედავად იმისა, რომ NATO არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დემოკრატია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინა ასევე შეიძლება მიიღონ ალიანსში.

-ჩვენ სად ვართ ამ პროცესში? საქართველოს რა შანსები აქვს?

-ჩვენც მანდ ვართ. პრინციპში გასაკვირი არც არის ევროკავშირის და აშშ-ს ასეთი აქტიურობა რომ საქართველოში ეს პოლიტიკური კრიზისი დაესრულებინათ, მე ასე მგონია, რომ ეს დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც ასე გაგრძელდა და ასეთი ფორმით იყო, აქ იმუშავა გარკვეულმა, შესაძლოა რუსულმა ძალებმა.

არ მინდოდა მთლად ისე გამომსვლოდა, თითქოს შეთქმულების თეორიას ვავითარებდე. ჩვენც გვაქვს ჩვენი საკუთარი „ნიჭი“ იმისა, რომ ჩვენივე ცხოვრება გავართულოთ. საბედნიეროდ, ევროკავშირმა და NATO-ს წევრმა ქვეყნებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს, იმისთვის რომ დაემთავრებინათ ეს არასტაბილური ვითარება, საქართველოში.

დასავლეთიც ფიქრობს, რომ შეიძლება მალე მოვიდეს მომენტი და საქართველო დასჭირდეთ NATO-ში. გააჩნია ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება. თუ რუსეთმა გააგრძელა აგრესიული რიტორიკა, პოლიტიკა და სამხედრო მუქარები მთელი ევროპის მიმართულებით, მაშინ გამორიცხული არ არის, ევროპამაც ცოტა უფრო აქტიურად და გაბედულად იმოქმედოს.

ახლა გააქტიურდა საუბრები, რომ NATO შავ ზღვაში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი, გემების გამოგზავნას აპირებენ, მეტ პატრულირებას. შავი ზღვა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად უკრაინაც და საქართველოც, ორივე სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება, ჩვენი NATO-ში გაწევრიანებამდე დარჩენილი მანძილი ინტენსიურად მცირდება და შეიძლება ეს გზა სწრაფად გავიაროთ.

არ მინდა ისე გაიგოთ თითქოს NATO-ში გაგვაწევრიანებენ მალე. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ ახლა სიტუაცია ისე დაიძაბა, რუსეთის მოქმედებების გამო, გამორიცხული არ არის, მოულოდნელად გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა. ეს ერთი. მეორეც, როცა იძაბება სიტუაცია, თუნდაც ადამიანის მაგალითზე ავიღოთ, როცა ადამიანი საფრთხეს ხედავს, ეძებს უფრო მეტ შესაძლებლობებს, დასაყრდენს, უფრო ფართოდ ახელს თვალს და პატარა შანსსაც კი ეპოტინება. ასე არის ახლაც, დასავლეთს სიტუაცია ძალზე დაეძაბა რუსეთთან.

საქართველოს და უკრაინას რა თქმა უნდა, უკვე უფრო სერიოზულად განიხილავენ, როგორც საჭირო პარტნიორებს. როცა დასავლეთი წყნარად იყო, იმდენად არ ვჭირდებოდით. პირიქით, თავის ტკივილი იყო, თუნდაც უკრაინის NATO-ში შეყვანა, რადგან რუსეთთან დაპირისპირების სუნი უდიოდა, რაც არ სურდათ. მაგრამ ახლა ისედაც დაპირისპირებულები არიან. სიტუაცია უკვე გამწვავდა. ამიტომ ურჩევნიათ საქართველო და უკრაინა მათ მხარეზე იყოს, ვიდრე რუსეთის მხარეზე. ახლა სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა გარემოება და შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები.