ბაიდენი პუტინთან შეხვედრისას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის საკითხის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა MSNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჯო ბაიდენი განიხილავს ურთიერთობების ფართო სპექტრს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხს და აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად, უკრაინის გვერდით დგას“ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ბაიდენმა კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ამერიკა ესკალაციას არ ცდილობს, მაგრამ რუსეთის, ისევე როგორც სხვა ავტორიტარული ქვეყნების აგრესიულ ქმედებებს საპასუხო შედეგები მოჰყვება.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ივნისში გაიმართოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედრას უმასპინძლოს. შეხვედრის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა იქნება.