დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა.

მათივე ცნობით, თბილისის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. გიორგი ტყემალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა.

„2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილ ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

"დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება შემდეგ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები, ჯანდაცვის და სოციალური ღონისძიებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია.

გარდა ამისა, ბიუჯეტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატა ახალი პროგრამა - 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.