"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორმა ხელფასი 4 600 ლარით, თვითნებურად გაიზარდა

"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორმა ხელფასი 4 600 ლარით, თვითნებურად გაიზარდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის სამსახურმა "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" 2018-19 წლების საქმიანობა შეისწავლა.

"სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2,900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა ბრძანებით, საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7,500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2,900 ლარი განისაზღვრა. დირექტორის ბრძანება შრომის ანაზღაურების 7,500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციას. კომპანიის განმარტებით, სააგენტოს რეგულარულად ეგზავნება საშტატო განრიგი და აქედან გამომდინარე სააგენტო ინფორმირებული იყო დირექტორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით", - წერია ანგარიშში.

ამასთანავე, 2018-2019 წლებში პრემიები გაცემულია ასევე კომპანიის დირექტორებზე, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიის დირექტორის და დირექტორის მოადგილის ბრძანებების საფუძველზე, 7-ჯერ, ჯამში − 43,875ლარი.

"2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა", - წერია დასკვნაში.