თენგიზ ცერცვაძე: Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები უსაფრთხოა. გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები არ დაფიქსირებულა

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, Sinopharm-ის ეფექტიანობა მძიმე ფორმების პრევენციისთვის აღწევს 79%-ს და ხუთიდან ოთხ კაცს დაიცავს. მისივე თქმით, ეს დაახლოებით ისეთი დაცვაა, როგორიც აქვს გრიპის ვაქცინას.

"საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი ლიდერი ვაქცინების - Pfizer-ისა და AstraZeneca-ს რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს. Sinopharm-ის ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით ისეთივე დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა - Sinopharm-ი და Sinovac-ი ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ჯერ პრაქტიკულად, მათზე გვერდითი მოვლენები, მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური - 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა", - განაცხადა ცერცვაძემ.