ნათია თურნავა: სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე

"სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს.

"ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას - ჩვენ შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ, ანუ ვმართოთ ეპიდემია ჩაკეტვის გარეშე. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რომ გაიხსნას და აღდგეს ტურისტული ინდუსტრია და პარალელურად ვმართავთ ეპიდემიას. ეს კეთდება ჩაკეტვის გარეშე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი და ვაქცინაცია დაეხმარება ამას.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნას, ამაზეც ვმუშაობთ. მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით ვმართოთ, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებითვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის გამოყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - განაცხადა თურნავამ.