ნათია თურნავა: საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ყველაზე უსაფრთხო იქნება

საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურისტულ სექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარია ტურისტული სექტორში მომუშავე თანამშრომელბის დაახლოებით 60%-ზე რომელიც უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ დაწესებულება უსაფრთოხდ ჩაითვალოს.

მისივე თქმით, ასეთ დაწესებულებებს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სარგებელი ექნებათ. მაგალითად, სახელმწიფო მათ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობას საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს.

"გუშინ უწყებათაშორისმა საბჭომ გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და პრიორიტეტული ვაქცინაციის ჯგუფებს დაემატა ტურიზმის ინდუსტრია. პრაქტიკულად რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, ვინც ამ პრაქტიკას მიმართავს და საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო და მზად არის ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. დღეს გვქონდა პირველი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა. ვსაუბრობდით თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს მეტად კომფორტული და ოპერატიული.

ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ სარგებელს ვაქცინირებულ სასტუმროებს და რესტორნებს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით, თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული. დღეს ტურისტები ეძებენ ასეთ ქვეყნებს, სადაც ტურიზმი არის უსაფრთხო და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება", - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სარესტორნო და ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი მზადყოფნა დაფიქსირდა.

"დღეს დავინახეთ მზადყოფნა, ბევრმა დამსწრე სასტუმრომ თუ რესტორანმა აიტაცა ეს ინიციატივა. ისინი იმუშავებენ თავის თანამშრომლებთან და კონსულტაციებს ჩაატარებენ, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. მათ ნათლად დაინახეს შესაძლებლობა, რომ გარკვეული სარგებელი გავრცელდეს სწორედ ასეთ უსაფრთხო სასტუმროებზე.

იყო საუბარი ისეთ დეტალებზე თუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ ჩაითვალოს ის უსაფრთხოდ, ასევე წამოვიდა იდეა, რომ თუ შეიძლება პრიორიტეტული ვაქცინირება სურვილის შემთხვევაში გავრცელდეს მათი ოჯახის წევრებზეც, რაზეც ჩვენ აღვუქვით დახმარება. რეგიონებში ობიექტების მახლობლად იქნება აცრის პუნქტები მოწყობილი, კვალიფიციური პერსონალის დახმარებით. პრაქტიკულად ეს პროცესი იწყება, თითოეული ობიექტი თავად გადაწყვეტს მიიღებენ თუ არა ამ კამპანიაში მონაწილეობას, თუმცა დავინახეთ სერიოზული ინტერესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.