ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს წყვეტს

ჩინეთმა ავსტრალიასთან ძირითადი ეკონომიკური დიალოგი "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთის სამთავრობო კომისიის განცხადებით, ავსტრალიის ზოგიერთმა სამთავრობო პირმა ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური თანამშრომლობის გაწყვეტისთვის რიგი ღონისძიებები გაატარეს, რაც ცივი ომის დროინდელი აზროვნება და იდეოლოგიურ დისკრიმინაციაა.

”ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო მთელი რიგი ზომების გატარება ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელის შეშლის მიზნით,“- აღნიშნულია ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, კომისია არ განმარტავს, რა კონკრეტულმა ქმედებებმა უბიძგა მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ.

როგორც ცნობილია, ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრმა, ჩინეთის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ავსტრალია ღიაა დიალოგისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა უკვე შეწყვიტა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია მინისტრთა დონეზე. დიპლომატიური დაძაბულობის გამო, ჩინური ინვესტიციების რაოდენობა ავსტარალიაში უკვე 61 პროცენტით შემცირდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ავსტრალიამ Huawei-ს 5G ქსელის მშენებლობა აკრძალა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა ავსტრალიის მხრიდან კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შემდეგ. საპასუხოდ ჩინეთმა რიგ ავსტრალიურ პროდუქციაზე სანქციები დააწესა.