ავტორიზაციის შემდეგ Sinopharm-ი მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ე.წ. გადაუდებელი მდგომარეობის დროს გამოყენებაზე ამ ეტაპამდე ჰქონდა ხუთ ვაქცინას, ესენია: Pfizer-ი, ახლა მიიღო Moderna-მ, AstraZeneca-ს ორ ვაქცინას ჰქონდა ინდური და კორეული წარმოებისას, ასევე Johnson&Jhonson-ი. Sinopharm-ი არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია. დიდი ხანია, ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა Sinopharm-ი, ისევე როგორც Sinovac-ი აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე.
Sinopharm-ი გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია. ახლა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად, ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ავტორიზაციაა.
„ამ ეტაპზე Sinopharm-ის 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური კიდევ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ეტაპობრივად ნახევარი მილიონი დოზის Sinopharm-ის მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება Covax-პლატფორმაზე, რომელიც უკვე Covax-ის წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც Covax-პლატფორმაზე იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.