"წითელი ხიდიზე"  მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუბლის საქართველოში უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ( აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილი ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოჩნდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.