2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას გეგმავს. განაცხადის თარიღთან დაკავშირებით მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ზოგი, ეკონომიკური განვითარების დონის და კონფლიქტური რეგიონების ფაქტორების გამო სკეპტიციზმით ხვდება, თუმცა მათი ნაწილი ასევე იხსენებს კვიპროსის მაგალითს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი არსებობს, თუმცა მთავარ გამოწვევად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება რჩება, რაც ევროკავშირისთვის დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ძალზედ მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას ქართველი ექსპერტები Europetime-თან საუბარში აფასებენ. საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი იდეის განხორციელება ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი თქმით, კუბილიუსის ასეთ კარგ მოსაზრებას მთავრობის მხრიდან სწორი შეფასება და სწორი ქმედებები სჭირდება.
„კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტარები, ზოგადად ევროსტრუქტურები მზად არინ, სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარონ. ევროკავშირი დიდი ყურადღებას აქცევს, როგორ თანამშრომლობენ ასოცირებული ქვეყნები ერთმანეთთან; როგორ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას; როგორ ეხმარებიან ერთმანეთს, გადალახონ ესა თუ ის სირთულეები. ამ დროს, თავად ევროკავშირისთვის გაცილებით ადვილი ხდება ახალი პროგრამების, ახალი დაფინანსების გახსნა.
ვიტყოდი, რომ ასეთი ინიციატივის განხორციელება აუცილებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. ევროკავშირს აქვს პრინციპი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დროს თავიდანვე იყო გაცხადებული, ეს არის მიდგომა „მეტი მეტისათვის“, მაგრამ თითოეულ ქვეყანასთან წინსვლა იმ წარმატებების მიხედვით, იმ კონკრეტული საშინაო დავალებების შესრულების მიხედვით განისაზღვრება, რაც მათ აქვთ.
თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკის შემუშავებაზე, რაღაც ახალი ინიციატივის შემუშავებაზე და ა.შ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთ თანადგომას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მიმართულებით, დასავლური ინტეგრაცია, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობის ფაქტორის ჩანაცვლება არაფერს შეუძლია. არც არის საჭირო, რომ რამემ ჩაანაცვლოს, ჩვენი ასოცირების დღის წესრიგი ჩვენი ასოცირების დღის წესრიგია, მგრამ ამასთან ერთად, მრავალმხრივი ფორმატის გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიმართულებით ქვეყნის წინსვლას.
მთელი აქცენტის ანალიტიკურ ცენტრზე გადატანა არ იქნება მართებული იმიტომ, რომ ანალიტიკურ ცენტრს თავისი ფუნქცია აქვს და თითოეული ამ ქვეყნის წინაშე არსებული საშინაო დავალებები კიდევ ცალკე შესასრულებელია, თუმცა ასეთი ანალიტიკური ცენტრი ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად დაეხმარება.
რაც მთავარია, დაეხმარება იმ სტრატეგიულ კომუნიკაციაში, რომელიც საჭიროა, არამხოლოდ ბრიუსელთან, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებთანაც. ასე რომ, თუ კი ეს ინიციატივა განხორციელდება, მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი კუბილიუსის განცხადებას მიესალმება და დასძენს, რომ იდეის განხორციელება ბრიუსელში, სხვადასხვა ფორმით, სამი ქვეყნის საელჩოების კოორდინაციით შეიძლება.
„მაგალითად, აუცილებელი არ არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ბრიუსელში საკოორდინაციოდ რაიმე ცენტრი ჰქონდეთ. სამივე ქვეყანას აქვს წარმომადგენლობა ევროკავშირში და მათ შეუძლიათ, სრული კოორდინაციისთვის, ურთიერთობის გარკვეული მექანიზმი ჩამოაყალიბონ. ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყნებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეიძლებოდა მათი გაძლიერება დამატებითი, ერთი ან ორი შტატით, რომლებიც მხოლოდ ამ საკითხებზე იმუშავებდნენ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, საერთო სტრატეგიაზე, ერთობლივ განცხადებებსა და ერთობლივ ლობირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამისთვის ცალკე ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება საელჩოების კოორდინაციის დონეზე გაკეთდეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, პანდემიამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი.
„მე ვიყავი ამის ინიციატორი. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ თითოეული ქვეყნის არასამთავრობო სექტორი აქტიურად იმუშავებდა საკუთარი ქვეყნის მთავრობასთან, ამ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაძლიერების საკითხზე ევროინტეგრაციის მიმართულებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, ეს დეკლარაცია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობით გაფორმდა. სწორედ უკრაინის ვიცე-პრემიერის ინიციატივა იყო ერთობლივი დეკლარაცია.
დაიწყეს კიდეც ერთობლივი საუბრები. უკრაინის მთავრობას მართლაც ჰქონდა ასეთი აქტივობები, ჩვენი მთავრობა, სამმხრივი ფორმატის განვითარების მიმართულებით ცოტა თავს იკავებდა. ახლა ალბათ უკვე აღარ შეიკავებს თავს.
წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნად საქართველო მიიჩნეოდა, მაგრამ უკრაინა ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება, ვიდრე საქართველო. რაც არ უნდა სირთულეები ჰქონდეთ უკრაინას და მოლდოვას, გეოგრაფიულად არიან „მიწეპებული“ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ახლა იქ უფრო მარტივია ევროკავშირთან ინტეგრირება. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ავაწყოთ და ერთად ვიაროთ ევროკავშირის მიმართულებით. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ მათ ვერანაირად ვერ გადავასწრებთ, რადგან 2000 კილომეტრით ვართ დაშორებული ევროკავშირის უახლოეს ქვეყანასთან“, - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში კახა გოგოლაშვილი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს თორნიკე შარაშენიძეს. როგორც Europetime-ს შარაშენიძემ განუცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად განხილვამ, შესაძლოა, საქართველო უფრო დააზარალოს.
„მსგავს ინიციატივებს ერთი მხრივ კარგად ვუყურებ, თუ იქნება ერთიანი ძალისხმევა და გამოცდილების გაზიარება. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, რაც ადრე უკვე მოხდა.
ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო ჯამში საქართველო რეალურად უფრო შემდგარი სახელმწიფოა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა არის ძალიან ღარიბი სახელმწიფო, ძალიან სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებით. ეს ქვეყანა კიდევ უარეს დღეში იქნებოდა, რომ არა რუმინეთის ფაქტორი. უკრაინა კი ძალიან დიდი ქვეყანაა, კორუფციის მაღალი დონით.
NATO-ს მაგალითზე ვიტყვი. როდესაც საქართველო უკრაინას „მიაბეს“ NATO-ში ინტეგრაციის პროცესის დროს, საბოლოო ჯამში ამან ჩვენ დაგვაზარალა. ბუქარესტის სამიტზე მარტო საქართველოს საკითხი რომ განხილულიყო, შეიძლება MAP-ი მიგვეღო, მაგრამ უკრაინაც რომ „მოგვაწეპეს“, ამან რუსეთი უფრო გააგიჟა. საბოლოოდ, ვერცერთმა ვერ მივიღეთ MAP-ი და ორივე უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2008 წლამდე ვიყავით. გასაგებია რომ NATO-ს სჭირდება უკრაინაც, მაგრამ რუსეთი უფრო მეტად გააგიჟა ამან.
რაც შეეხება კუბილიუსის მოსაზრებას, სამწუხაროდ, ეს ასე მარტივი არ არის. ამას გააზრება სჭირდება. კარგი გავერთიანდით. მერე რას ვშვრებით? პასუხი შეიძლება არ იყოს ამაზე მარტივი”, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
„კარგი იქნება თუ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში საკუთარ ელჩებს კუბილიუსთან შეხვედრას და ამ ინიციატივის განხილვას დაავალებენ“, - აცხადებს Europetime-თან საუბრისას უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.
მისი თქმით, მთავრობის აქტიურობის გარეშე, მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, საკუთარი ძალებით მსგავს ანალიტიკურ ცენტრს ვერ შექმნის, მიუხედავად ამ სექტორში არსებული დიდი ინტელექტუალური რესურისა.
„საერთოდ ნებისმიერ წინადადებას, რომლითაც ბატონი კუბილიუსი გამოდის, ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენ და პატივს ვცემ, რადგან ეს არის ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა და ახლა ევროპარლამენტში არის ძალიან აქტიური, ასევე ჩვენი ერთ-ერთი გულწრფელი მეგობარი.
ეს არის ძალიან კარგი წინადადება. სამივე ქვეყნას საელჩოები გვყავს ბრიუსელში. იქ ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა გაზარდონ ურთიერთქმედების ხარისხი და უფრო ეფექტურად იმუშაონ სამ ხმაში. ამ ინიციატივის საპასუხოდ, როგორც მინიმუმ, სამი ქვეყნის დედაქალაქმა საკუთარ ელჩებს ბატონ კუბილიუსთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინსტრუქცია უნდა მისცენ, დაელაპარაკონ და გარკვეული მოქმედების გეგმა შეათანხმონ, სად უნდა მივიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობით გამართონ შეხვედრები, სადილებზე დაპატიჟონ ხალხი და ა.შ. ეს უკვე ექნებოდა საკმაოდ ეფექტური შედეგების მომტანი. წინადადება თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაემყარება სისტემურ მიდგომას და პოლიტიკას ამ სამმხრივ ფორმატში, რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროპარლამენტში, ან ევროპულ ფონდში იგივე ბატონი კუბილიუსის მხარდაჭერით, ერთი ოთახი მაინც რომ გამოიყოს ანალიტიკური ცენტრისთვის.
„სამი ადამიანია საჭირო, რომ ერთ ხმაში სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპულ სტრუქტურებთან ისაუბრონ, ყოველდღე კარზე აკაკუნონ, ხალხი შეაწუხონ. ამას ექნება მართლაც სერიოზული ეფექტი, რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. ამით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვინაიდან ვართ ასოცირების პროცესის მონაწილე ქვეყნები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს ვამყარებთ ევროპულ ტრადიციებზე, პრინციპებზე, კრიტერიუმებსა და პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მარტო საუბარი არ უნდა იყოს. ევროკავშირის წარმომადგენლები, აქ ბატონი ჰარცელი, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის ელჩები, აკვირდებიან თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებს, აგერ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სახეზეა, სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ელჩი არ გვყავდა კიევში. საქართველო მოლდოვას აქტიურობა მაინცდამაინც არ ჩანს. ვიზიტები არ ხორციელდება, ნაკლები კომუნიკაციაა.
მოლდოვაში არჩევნებია კარზე მომდგარი, თავისი პოლიტიკური სირთულეები აქვთ. საქართველო იმყოფება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჯერ არ ვიცით, კრიზისიდან ბოლომდე გამოსვლა შესაძლებელია თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის პირისპირ იმყოფება. ჯერ ვერ ვხედავ რომ ამისთვის ჩვენი მთავრობები მოიცლიან. არადა ფაქტია, რომ ანდრიუს კუბილიუსის წინადადება, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ცნობისათვის, Europetime-თან ინტერვიუში, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს.
მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს.
ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.