კოვიდუსაფრთხო კუნძული იტალიაში - კაპრი ტურისტების მისაღებად ემზადება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტული სეზონისთვის ცნობილი კუნძული კაპრის ყველა მცხოვრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

CNN-ის ინფორმაციით, კუნძულზე, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები და ბრწყინვალე ხედებია ზღვაზე, ვაქცინაციის პროცესი წარმატებით სრულდება.

როგორც გუბერნატორი აცხადებს, აცრის პროცესი მალე დასრულდება და კუნძული ,,კოვიდისგან თავისუფალი" იქნება.

”ჩვენ ვემზადებით მილიონობით ტურისტის მისაღებად”, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, დასაკარგი დრო აღარ არის, სასტუმროს სექტორმა თავისი გადაწყვეტილებები მაისამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ტურისტულ სეზონი დაიკარგება.

კაპრის მერმა CNN– ს განუცხადა, რომ 15 000 მცხოვრებიდან 80% –მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.

”ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომელსაც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით - თქვენ შეგიძლიათ აქ უსაფრთხოდ ჩამოსვლა”, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ კაპრი ერთადერთი კუნძული არ არის, რომელმაც საზაფხულო სეზონის წინ ვაქცინაციის კამპანია გააძლიერა. მისმა მეზობელმა ნეაპოლის ყურეში, პროსიდამ, რომელიც 2022 წლისთვის იტალიის კულტურის დედაქალაქი იქნება, ვაქცინაციის კამპანია დაასრულა.

ტურისტული სეზონის გაძლიერების კუთხით, G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ უცხოელ ტურისტებს მოუწოდა რომ ზაფხულის არდადეგები იტალიაში გაატარონ და დაისვენონ.

მისივე თქმით, მოგზაურობის მსურველებს მაისიდან, როდესაც იტალიას საკუთარი ,,მწვანე პასპორტი" ექნება, შეეძლებათ ქვეყანაში მოგზაურობა.

„ევროკავშირი ვაქცინაციის სერთიფიკატს ივნისის შუა რიცხვებში შემოიღებს, ნუ დაველოდებით ივნისს. იტალიას მაისის შუა რიცხვებში საკუთარი „მწვანე პასპორტი“ მზად ექნება. დრო მოვიდა, თქვენი არდადაგები იტალიაში დაგეგმოთ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.