"ჯანმოს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, „სინოვაკის“ ვაქცინის შეფასება „სინოფარმის“ შეფასებას რამდენიმე კომპონენტში აღემატება“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას Sinovac-ისთვის ავტორიზაცია ჯერ არ მიუნიჭებია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის საბჭო საქართველოს მთავრობას „სინოვაკით"ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართავს.
"ჯანმო-ს ექსპერტების საბჭოს შუალედური დასკვნის თანახმად, "Sinovac-ის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როდესაც ვაქცინა არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, ისე როგორც ეს მოხდა Sinopharm-ის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე დღით დავასწარით ვაქცინაციის დაწყება ჯანმო-ს მიერ ავტორიზაციას”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Sinovac-ი უკვე 30 ქვეყანაშია ავტორიზებული და 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.
დღევანდელი მონაცემებით, რომელი ვაქცინის რა მარაგები აქვს ქვეყანას
Sinofarm
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით "სინოფარმის" ვაქცინის დიდი ნაწილი, 40 ათასამდე დოზა, ან უკვე გამოყენებულია, ან ჯავშანია გაკეთებული.
10 ათასი დოზა დარეზერვებულია სტრატეგიულ ჯგუფებზე, პოლიცია და პენიტენციური სისტემა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია ასევე დაიწყება მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. მარაგის უდიდესი ნაწილი კი პოლიციას და პენიტენციურ დაწესებულებებს დაეთმობა.
აპრილში საქართველომ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეიძინა.
სრული იმუნიზაციისთვის ვაქცინის ორი დოზის გაკეთებაა საჭირო, ამიტომ 100 ათასი დოზა, 50 ათას ადამიანზე გადანაწილდა.
18 წელს გადაცილებულთათვის Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან
Sinovac
აპრილში ჩინეთის საელჩომ საქართველოს 100 ათასი დოზა „სინოვაკი“ საჩუქრად გადასცა. რადგან სინოვაკით აცრა ჯერ არ დაწყებული მარაგში კვლავ 100 ათასი დოზაა.
Astra Zeneca
რაც შეეხება "ასტრაზენეკას" მარაგს, თამარ გაბუნიას ცნობით, ამ ეტაპზე მარაგში 43 ათასი დოზაა. მისი თქმით აქედან 8-10 თავისუფალი დოზა არსებობს და მისი გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც Astra Zeneca-თი აცრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამ ვაქცინაზე, ასაკობრივმა ზღვარმა 45 წლამდე დაიწია.
„გვაქვს მოლოდინი, რომ კოვაქსის პლატფორმიდან "ასტრაზენეკას" დოზები მალევე დაემატება", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ქვეყანამ ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პრეპარატით, 15 მარტს დაიწყო. რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ 43 ათასი დოზა „ასტრა ზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა.
Pfizer
რაც შეეხება "ფაიზერის" ვაქცინას, თამარ გაბუნიას თქმით, მაისის ბოლოსკენ იქნება სრული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და როდიდან.
შეგახსენებთ, საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. მარაგი სრულად ამოწურულია. Pfizer-ით სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები აიცრნენ, რომლებმაც პირველებმა შეძლეს რეგისტრაცია.
როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციაზე
აცრისთვის ჯავშანი booking.moh.gov.ge-ზე კეთდება, ხოლო ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, შეუძლია დარეკოს ნომერზე - 1522.
11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 67 136 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი.
საქართველო მოლაპარაკებას Novavax-თან, Moderna-სთან და Johnson & Johnson-თანაც აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას საქართველო „კოვაქს“ პლატფორმიდან სავარაუდოდ ივლისში მიიღებს.
დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება.
მისი თქმით, დღეს არსებული მარაგი შესაძლებლობას იძლევა მინიმუმ 3-4 კვირის განმავლობაში, დაელოდონ ვაქცინების ახალ დოზებს.
"არსებულ მდგომარეობაზე არ ვთვლი, რომ კრიტიკულია, თუმცა არსებული პერსპექტივიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ივნის-ივლისში კიდევ უფრო მეტი ვაქცინა შემოვა. ეს არ გულისხმობს, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა ის, რომ ჩვენ არ გვექნება წყვეტა, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.