რამდენიმე დღის წინ, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა შემდეგი სიტყვებით: „ დღეს ჩემთვის, როგორც ქართველი მეცნიერისათვის ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია, დღეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია!“.
საბჭოთა რეჟიმის დროს მიხეილ თარხნიშვილის სახელის ხსენება ტაბუირებული იყო, ამიტომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, პირველად, კალანდიასგან შეიტყო მეცნიერის შესახებ. მიუხედავად ამისა, მისი უნიკალური არქივის აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თუ რატომ არის ასეთი უნიკალური ევროპაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მიხეილ თარხნიშვილის არქივი და ვატიკანის დაცულ არქივებში, რა სახის ისტორიული წყაროებისათვის შეიძლებოდა მიეგნო მას, რომელზეც მანამდე არცერთ ქართველს წვდომა არ ჰქონია, ამის შესახებ, Europetime-ს გიორგი კალანდია ესაუბრა.
- გიორგი, რითია გამორჩეული მიხეილ თარხნიშვილის ღვაწლი და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მისი არქივის აღმოჩენა?
-პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი, მიხეილ თარხნიშვილი, არის იშვიათი მეცნიერი. ის არის ევროპელი მეცნიერი, ამ სიტყვის სრული დატვირთვით, ქართული წარმოშობის ევროპელი მეცნიერი, რომელმაც თავისი ცხოვრება საქართველოს ეკლესიის და ზოგადად საქართველოს ისტორიის შესწავლას დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებულია, მისი არქივი დაკარგულად ითვლებოდა. ამ არქივს ეძებდა, თავის დროზე გურამ შარაძე, რეზო თაბუკაშვილი, მაგრამ ვერ მიაკვლიეს.
მიხეილ თარხნიშვილი იტალიაში მოღვაწეობდა და ხელი მიუწვდებოდა ევროპულ პირველ წყაროებზე, რაც მაშინ ქართველებისთვის და საერთოდ ქართული სამეცნიერო წრისთვის ბევრი მიზეზის გამო მიუწვდენელი იყო, მას კი შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ეკლესიის რეალური ისტორია შეესწავლა. გარდა ამისა, ის მუშაობდა ვატიკანის ბიბლიოთეკაში, რაც ქართველი მეცნიერისთვის არა თუ მაშინ, დღესაც არის დიდი პატივი. მიხეილ თარხნიშვილს წვდომა ჰქონდა ვატიკანის საიდუმლო არქივზეც. ის ამავე დროს იყო სასულიერო მოღვაწეც და როგორც სასულიერო მოღვაწეს, უნიკალური საცავები ჰქონდა გახსნილი. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს.
ქართული ეკლესიის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი უნიკალური დოკუმენტი მან გახადა საჯარო და ხელმისაწვდომი, რომელიც პირველწყაროდან მოიპოვა. გარდა ამისა, მიხეილ თარხნიშვილის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთში ქართული ეკლესიის საგანმანათლებლო და სასულიერო ცენტრების საქმიანობის შესწავლა. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალური ქსელებში, შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ მის ერთ ფოტოს მიაგნოთ, მისი ფოტოც კი არ გვქონდა. მხოლოდ ერთი ფოტო მოიპოვებოდა, რომელიც დაიბეჭდა „ბედი ქართლისა“-ში.
- თქვენ ახსენეთ, რომ ბევრი საზღვარგარეთ ეძებდა და ბოლოს საქართველოში აღმოჩნდა. როგორ მიაკვლიეთ მის არქივს?
-რაც შეეხება იმ ისტორიას, თუ როგორ აღმოჩნდა ეს არქივი საქართველოში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის წვლილს, რომელიც, მიხეილ თარხნიშვილივით კიდევ ერთი გამორჩეული და დაუფასებელი ქართველი მეცნიერია.
ბოლო წლებში, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოსცა მრავალტომეული - „საქართველო და ევროპა“. ეს არის უზარმაზარი შრომა, რომელიც ჯუანშერ ვაჩეიშვილმა გასწია. ის სწავლობდა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას ევროპაში. შვედეთთან საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის ურთიერთობას და მის მიმოწერას იკვლევდა. ასევე პეტრე პირველისა და ალექსანდრე ბატონიშვილის ურთიერთობას. ვატიკანში საქართველოს წარმომადგენლების, მათ შორის რობაქიძე, ჩოლოყაშვილის ურთიერთობას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს და ა.შ.
ამ კაცის ღვაწლი არის ძალიან დიდი. აშკარაა, ჯუანშერ ვათეიშვილმა ძალიან კარგად იცოდა მიხეილ თარხნიშვილის წვლილის ფასი, მისი როლი საქართველოს ისტორიაში. როგორც ჩანს თარხნიშვილის არქივი ევროპაში მოგზაურობის დროს, იტალიაში ნახა და საქართველოში წამოიღო. თუ რატომ არ გაახმაურა ამაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. საბჭოთა რეჟიმის დროს მიხეილ თარხნიშვილის, როგორც ვატიკანში მოღვაწე ქართველის სახელი ტაბუირებული იყო. შესაძლოა ჯუანშერ ვათეიშვილმა ჩათვალა რომ ამის გახმაურებით, არქივს საფრთხეს შეუქმნიდა. მან კი, არქივი დაიცვა და მომავალ თაობებს შემოუნახა. პირველი ვერსია ეს არის. მეორე ვერსია, რომ თავად აპირებდა ამ არქივზე მუშაობას. ძალიან ბევრი ევროპული არქივი ჰქონდა შესწავლილი. ალბათ, უნდოდა ესეც შეესწავლა და შემდგომ გამოეცა. როგორც ჩანს ვერ მოასწრო. რაც ყველაზე მთავარია ჩვენ, მომავალი თაობები ჯუანშერ ვათეიშვილის მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ მან ეს ასე შეინახა, ასე შეფუთული, საგანგებო წარწერით - „მიხეილ თარხნიშვილის არქივი“. მისი ანდერძი იყო, მთელი არქივი გადასცემოდა საქართველოს ერთ-ერთ სამუზეუმო სამეცნიერო ცენტრს. როგორც ჩანს გაცნობიერებული ჰქონდა რომ მომავალ თაობებს უნდა შეესწავლათ.
ჩვენ ეს არქივი, ვათეიშვილის ოჯახისგან, დაახლოებით ერთი კვირის წინ წამოვიღეთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მის დას და მის შვილს.
არქივი ახლა ხელოვნების სასახლეშია. დაწყებული მისი პირველადი დამუშავება, შეტანილია სპეციალურ ბოქსებში, ბუნკერებში, სადაც მათი დეზინფექცირება მიმდინარეობს და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ უკვე დაიწყება არქივის სრულფასოვანი დამუშავება.
- არქივის შინაარსობრივი დამუშავება როდის გახდება შესაძლებელი?
-როდესაც არქივი ხვდება სამუზეუმო სივრცეში, სავალდებულო დეზინფექცია უნდა გაიაროს, სამუზეუმო პირობები შეიქმნას და გადამუშავების ოთახში გადატანა შესაძლებელი გახდეს. გადამუშავების ოთახში გადატანის შემდეგ, მისი სამეცნიერო დამუშავება დაიწყება.
ჩვენ ამაზე ვფიქრობთ , რომ შეიძლება შევქმნათ პირველი პრაქტიკა და ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოვაცხადოთ. გვსურს, ახალგაზრდებს საშუალება მივცეთ, თავიანთ მენტორებთან ერთად დაამუშაონ ეს არქივი. მუზეუმიდან მივუჩენთ თითო მენტორს. ძალიან გვინდა, ახალგაზრდა მეცნიერებსაც ჰქონდეთ წვდომა. ამიტომ ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა იქნება. საერთოდ საქართველოში არქივის დამუშავებაზე კონკურის გამოცხადების პრაქტიკა არ ყოფილა. პრემიის დაწესებასაც ვგეგმავთ. ვინც ამ არქივს დაამუშავებს, წახალისების მიზნით პრემია გადაეცემა. და ახალგაზრდები „ძველგაზრდებთან“ ერთად, ამ არქივს დაამუშავებენ. ეს "ძველგაზრდა" შეიძლება მე ვიყო, ან მუზეუმის სხვა, რომელიმე თანამშრომელი, რომელიც მენტორობას გაუწევს მათ.
ჩვენ ახლა დავიწყეთ საუბარი, იტალიაში, ლა საპიენსას უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ ახალგაზრდა მეცნიერთან ნენო გაბელიასთან, რომ იტალიურენოვან მასალაზე დახმარება გაგვიწიოს. ყოველ შემთხვევაში იდეა არის, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა, ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით, ეს არქივი დაამუშაოს და შემდეგ ის განთავსდეს ხელოვნების სასახლის ვებ-გვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება არქივზე წვდომა.
მე ვფიქრობ, ამით ძალიან ბედნიერი და გახარებული იქნებოდა მიხეილ თარხნიშვილი და მეორეს მხრივ ჯუანშერ ვათეიშვილი.
-საქართველოს შესახებ, რა წყაროები შეიძლებოდა ყოფილიყო დაცული ვატიკანის დახურულ არქივში? წინასწარი ვერსიები თუ არსებობს, რა ცნობები შეიძლება აღმოჩნდეს?
- ჩვენ არ გვქონდა არანაირი საარქივო დოკუმენტაცია მიხეილ თარხნიშვილის შესახებ. პირველ რიგში მის შესახებ ცნობებს გაამდიდრებს. აქ არის მისი მიმოწერა ვატიკანთან, წმინდა საყდართან, ჩვენ აქ ვხედავთ ასევე ორიენტალისტურ მასალებს, ეს არის ძირითადად ჩანაწერები. ასევ რაც საინტერესოა აქ არის წმინდა ვატიკანის მიერ გაცემული დოკუმენტები, მათ შორის დიპლომები. აქვე არის, რაც ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მისი პასპორტი, რომელიც 1919 წელს დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიერ არის გაცემული და დამოწმებულია შემდეგ, როგორც საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ბეჭდებით, ასევე ბათუმში არსებული ინგლისის საკონსულოს ბეჭდით.
არქივში დაცულია ვატიკანთან ურთიერთობის ძალიან დიდი მასალა. თუმცა არ მგონია საქართველოს ევროპასთან და ვატიკანთან ურთიერთობის შესახებ რამე ახალი მოგვცეს, იმიტომ რომ იგივე ჯუანშერ ვათეიშვილმა ძალიან ბევრი მასალა გამოაქვეყნა, ვატიკანის არქივში დაცული მასალების შესახებ, რომელიც საქართველოს უკავშირდება. მათ შორის ქართველი მეფეების, გიორგი-ლაშას, რუსუდანის, გიორგი ბრწყინვალეს მიმოწერა.
ეს მასალები უკვე მოძიებული და გამოქვეყნებულია, იგივე მიხეილ თარხნიშვილის, იგივე ჯუანშერ ვათეიშვილის, იგივე მიხეილ თამარაშვილის მიერ, მაგრამ ამ არქივს აქვს უნიკალური მნიშვნელობა და ამიტომაც მოჰყვა საზოგადოებაში ამხელა გამოხმაურება, რომ ჩვენ, ჩვენი ევროპული მასშტაბის ქართველი მეცნიერის შესახებ შევიტანეთ ის საარქივო მასალა, რომელიც არ გვქონდა. მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდით, რას აკეთებდა რას მოღვაწეობდა, რას ეძებდა ვატიკანში. ამას უკვე ამ არქივის საშუალებით ვნახავთ, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენს პოზიციონირებას, როგორც ევროპული სამეცნიერო წრის წარმომადგენლის. როდესაც ქვეყანას ჰყავს თამარაშვილი, თარხნიშვილი ეს არის დასტური იმისა, რომ მიუხედავად საბჭოთა რეჟიმის მძიმე პირობებისა, ჩვენ ევროპულ სამეცნიერო წრეებში ჩართული ვიყავით და აი ამის დასტურია მიხეილ თარხნიშვილის არქივი.