უმუშევრობის შემცირებისა და ეკონომიკის აღდგენის მიზნით USAID ახალ პროგრამას იწყებს

USAID/საქართველო პროგრამა „კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის იწყებს. ამის შესახებ Europe Time-ს USAID-დან აცნობეს. მისივე ცნობით, 5-წლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად ზრდას მაღალანაზღაურებადი დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC) ახორციელებს, ითანამშრომლებს კერძო საწარმოებთან და მხარს დაუჭერს სტუდენტებს, სამუშაოს მაძიებლებს და პროფესიონალებს, მიიღონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მოთხოვნადი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

„კერძო სექტორზე დაფუძნებული განვითარებადი ეკონომიკა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ეკონომიკისათვის საჭირო ინსტრუმენტები. საქართველოს სტუდენტებს და პროფესიონალებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეგვიძლია მათ ამპოტენციალის რეალიზებაში დავეხმაროთ“,- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა.

„ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას ხელს შევუწყობთ არამარტო დასაქმდნენ, არამედ წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამავდროულად, ჩვენ ბიზნესთან დასამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შევქმნით ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სამუშაოს მაძიებლებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან, ხოლო საქართველოს ბიზნესს უზრუნველყოფს ისეთი უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალით, რომელიც მათ სჭირდებათ.

პროგრამა ორიენტირებული იქნება ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. კერძო სექტორის ჩართულობა სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებაში ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მოწყვლად კატეგორიების, მათ შორის სოფლის მოსახლეობის, ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გადამზადების პროგრამებში ჩართვას და მათ დასაქმებას“, - აღნიშნა პიტერ ვებლერმა.